„ნაყინის წარმოებისთვის უცხიმო რძის ფხვნილს ვიყენებთ, რომელიც ვროკავშირიდან არის იმპორტირებული. მსგავსი ტექნოლოგია აპრობირებულია მსოფლიო მასშტაბით მოასპარეზე ბრენდებისთვისაც", - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ნაყინისა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორმა ანი კუპრეიშვილმა განუცხადა, რითაც რძისა და რძის პროდუქტების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, მიღებული ნედლეული სრულიად უსაფრთხოა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
მათივე ცნობით, "ბარამბოსთვის" უპირველესია მომხმარებლის უსაფრთხოება და პროდუქციის უმაღლესი ხარისხი - შესაბამისად, ეს კომპრომისის საგანი არ არის.
“ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე კარგად ცნობილი ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ბრენდია, რომლის საწარმო ტექნოლოგიური მასშტაბით, ხარისხითა და ინფრასტრუქტურით გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.
"ბარამბოს" ქარხანაში პროდუქცია ISO სტანდარტების შესაბამისად იწარმოება, თავად წარმოების პროცესი კი მუდმივ მეთვალყურეობაშია ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ.
უცხიმო რძის ფხვნილით მომარაგება სადისტრიბუციო კომპანიებისგან ხდება, რომლებიც კვების მრეწველობისთვის ნედლეულის მიწოდებაში სპეციალიზებულები არიან. გარდა იმ სერტიფიკატებისა, რომელიც ყველა მიღებულ პროდუქციას თან ახლავს, “ბარამბოს” შიდა ლაბორატორია პროდუქტის დეტალურ გამოკვლევას დამატებით ახორციელებს. უცხიმო რძის ფხვნილის შესყიდვამდე, “ბარამბოს” ლაბორატორია ოფიციალურ კვლევებს აფასებს და დამატებით შიდა ანალიზს ატარებს. ნედლეულის მიღება მხოლოდ შესაბამისობის შემთხვევაში ხდება.
ნაყინის წარმოებისას, რძის ფხვნილი გადის აღდგენას, ინგრედიენტების შერევას, ჰომოგენიზაციას, პასტერიზაციასა და მომწიფებას, რის შედეგადაც ყალიბდება საბოლოო პროდუქტი.
მზა პროდუქტი 24-საათიან საკარანტინო პერიოდს გადის და მხოლოდ მას შემდეგ იყიდება, რაც მისი უსაფრთხოება ლაბორატორიული ანალიზებით დადასტურდება. ნებისმიერ დარღვევაზე პროდუქტი ან ნადგურდება, ან წესების სრული დაცვით გადამუშავდება”, - აცხადებს ანი კუპრეიშვილი.
ცნობისთვის, ტკბილეულის და ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანია "ბარამბო" სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას 15 წელია უწყვეტად აწარმოებს. "ბარამბოს" ქარხანა სოფელ ნატახტარში მდებარეობს და 400 მეტი ადამიანია დასაქმებული.
საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით. 2011 წლიდან კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის ექსპორტზე. დღეისათვის ტკბილეულის ექსპორტი ხორციელდება – უკრაინაში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სინგაპურში. გარდა ამისა, როგორც "ბარამბოს" მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ კი, სააგენტომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული „სოფლის ნობათის“ რძის ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.