„თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა შესაცვლელია.
მისივე თქმით, ყურძნის სუბსიდირების პროგრამიდან გამოთავისუფლებული თანხა ღვინის მარკეტინგული ბიუჯეტის გაზრდისკენ უნდა მიიმართოს.
„გასაგებია, რომ ყურძნის სუბსიდირება სოციალური პროექტია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუბსიდირებას ორი კომპონენტი აქვს. ერთი - ეს არის ჭარბი ყურძნის შესყიდვა, რომელიც არ შეესაბამება იმ ხარისხს და ბიუჯეტიდან იმ საბაზრო ფასს არ უნდა იხდიდეს, რასაც იხდის. კარგია, თუ ამ შემთხვევაში ცვლილებები შევა, ამას მივესალმები. მაგრამ, მეორე კომპონენტია, როდესაც თუნდაც კერძო კომპანიებს უვსებენ ყოველ კილოგრამზე გარკვეულ თანხას, რაც ჩემი აზრით, მრავალი წელია უნდა შემწყდარიყო. თუ არ ვცდები, ყოველწლიურად სუბსიდიაზე დახარჯული თანხა 100 მილიონ ლარს აღემატება, როდესაც მარკეტინგზე გამოყოფილი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარსაც კი ვერ აღწევს. წარმოიდგინეთ, ამხელა გამოთავისუფლებული რესურსი ღვინის მარკეტინგზე რომ დაიხარჯოს, იმ გზაზე სვლა აგვიჩქარდება, რის დასაწყისშიც ახლა ვართ. მარკეტინგული ბიუჯეტის გაზრდა სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.
ცნობისთვის, ყურძნის სუბსიდირების პროგრამა შეიცვლება. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, 2025 წლის რთველის პერიოდში სახელმწიფო ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სხვადასხვა ფასად ჩაიბარებს.