“ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი შესულიყო სრულ ექსპლუატაციაში. ცხადია, რომ საქართველოს რკინიგზის როლი უმნიშვნელოვანესია ამ კონტექსტში”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები, ცხადია, უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის როლს შუა დერეფნის კონტექსტში.
“მიზანი, რომ ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი და მოვემსახუროთ რეგიონს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამაში იგულისხმება კომპონენტები, როგორიცაა შემადგენლობების განახლება, მოდერნიზაციის პროექტი და ის 10 წლიანი გეგმა, რაც გვაძლევს მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან კონტექსტში იმ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოს რკინიგზაში, იმისათვის, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორი შუა დერეფანში,”- განაცხადა თამარ იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდა. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.