logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოში ინვესტირება ჩინეთისთვისაც პერსპექტიულია" - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

"საქართველოში ინვესტირება ჩინეთისთვისაც პერსპექტიულია" - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

1721455200

საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ პერსპექტივასა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე "ბიზნესპარტნიორთან"  საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენმა ისაუბრა: 

  • ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა, რა შედეგებს მიაღწია ორმა მხარემ?  როგორია თქვენი სამომავლო გეგმები უვიზო მიმოსვლის და ვაჭრობის გაღრმავების მხრივ?

გასული წლის ივლისში, ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, რამაც ორ მხარეს შორის ურთიერთობები ისტორიაში უმაღლეს დონეზე აიყვანა და ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას, ორი ქვეყნის მიერ „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთობლივი მშენებლობა მუდმივად წინ მიიწევს. ვაჭრობის კუთხით, საქართველოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობა მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე 10%-ზე მეტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ჩინეთი დაბრუნდა, როგორც საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი. ჩინეთის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილები, როგორიცაა Zeekr-ი, ახლახანს შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ინვესტიციების მხრივ, ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ურბანული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხუალინგის ქუთაისის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ წარადგინა უამრავი ახალი კოსმეტიკური, ფარმაცევტული, პლასტმასის, ხის და სხვა გადამამუშავებელი საწარმოები. საკონტრაქტო პროექტების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული E60-ის და ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის ბევრ მონაკვეთში, რომლებიც რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ არის აშენებული, მრავალი მონაკვეთი გაიხსნა ტრანსპორტირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებს. ტურიზს რაც შეეხება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 33000-მდე ჩინელი ტურისტი ჩამოვიდა, რაოდენობა 160%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა ჩინეთში ჩასული ქართველი ტურისტების რაოდენობაც.

უვიზო რეჟიმი ხალხებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. სამომავლოდ, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებს, გააძლიერონ კავშირები, წარადგინონ ორივე ქვეყნის ტურისტებისთვის მოსაწონი უფრო მეტი ტურისტული პროდუქტი და მარშრუტი და უფრო მრავალფეროვანი გახადონ ტურისტული გამოცდილება. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის საწარმოებს თანამშრომლობის გაძლიერებაში, აქტიურად გავუწევთ ორგანიზებას, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორებიცაა ევრაზიის ექსპო, საერთაშორისო იმპორტის ექსპო, იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა და სხვ., ხელს შევუწყობთ ორ მხარეს ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების აღმოჩენაში, ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის გამდიდრებასა და ხალხის უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის დაკმაყოფილებაში.

  • ჩინეთის ეკონომიკური განვითარების მიღწევები ძირითადად დაკავშირებულია მის ინდუსტრიალიზაციასთან, შეუძლია თუ არა საქართველოს მისი მაგალითის აღება და რა სახის მხარდაჭერის გაწევა შეუძლია ჩინეთს?

ჩინეთის ინდუსტრიალიზაციამ იგი განუვითარებელი აგრარული ქვეყნიდან მსოფლიოს უდიდეს ინდუსტრიულ ქვეყნად და უმსხვილეს საქონლით მოვაჭრედ აქცია, ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს გლობალური ეკონომიკის ზრდაში, აქვს ყველაზე სრულყოფილი ინდუსტრიული სისტემა მსოფლიოში და მისი წარმოების ინსდუსტრია უკვე 13 წელია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ჩინეთის განვითარების შედეგები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩინეთის გამოცდილება ინდუსტრიალიზაციის განვითარებაში, პირველ რიგში, მოიცავს აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ განვითარებაში, ჩინეთი მტკიცედ და ურყევად აფართოებს გახსნილობას გარე სამყაროსთან, განავითარებს საკუთარ თავს და სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის. რეფორმებისა და გახსნილობის პერიოდიდან მოყოლებული, ჩინეთი შეუერთდა გლობალიზაციის განვითარებას, აქტიურად იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს და საკუთარ თავზე იღებს საერთაშორისო სამრეწველო ტრანსფერებს, მონაწილეობს გლობალური მრეწველობის შრომის განაწილებაში. ჩინეთის მრეწველობა მუდმივად ძლიერდება მსოფლიო ეკონომიკასთან კონკურენციითა და თანამშრომლობით და სწრაფად იზრდება მასშტაბი და ეფექტურობა. მეორე, ეს არის მეცნიერული და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის მეტი ძალების მობილიზება, რომელიც პირველი წარმოების ძალაა. ჩინეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინვესტიციებს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებში, 2023 წელს, ჩინეთის მთლიანმა საზოგადოებრივმა კვლევისა და განვითარების ინვესტიციამ 3.3 ტრილიონ იუენს გადააჭარბა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება წლიური ორნიშნა საშუალო ზრდის ტემპი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების 4%-იან საშუალო ზრდის ტემპს. 2023 წლის ბოლოსთვის, ჩინეთში მოქმედი გამოგონებების პატენტების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა და პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში, როგორც ქვეყანა, სადაც 4 მილიონზე მეტი მოქმედი გამოგონების პატენტი არსებობს.

ინდუსტრიალიზაციის პროცესის ხელშეწყობა გრძელვადიანი, რთული და უზარმაზარი სისტემური პროექტია, სხვადასხვა ქვეყნების ინდუსტრიალიზაციაც განსხვავებულია. საქართველოს შეუძლია გამოიყენოს უპირატესობა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან და ასევე თავისი სტრატეგიული მდებარეობაც, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. მას შეუძლია, საკუთარ არსებულ ინდუსტრიებზე ორიენტირებით, ზუსტად განსაზღვროს საერთაშორისო ინდუსტრიული ჯაჭვის შესაფერისი სეგმენტები, გააძლიეროს პოლიტიკური მხარდაჭერა და მაღალი დონის მუშახელის მომზადება, ყურადღება მიმართოს შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისკენ, აქტიურად მოიზიდოს და გამოიყენოს უცხოური ინვესტიციები; საქართველოს შეუძლია, რომ ინვესტიციების განსახორციელებლად კომპანიები მოიზიდოს ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ბაჟის გადახდისგან თავისუფალი ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკების მშენებლობა; მიაღწიოს გარღვევას ზოგიერთ ინდუსტრიულ სფეროში და თანდათან გააგრძელოს ინდუსტრიული ჯაჭვი. ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, რომ გამოცდილება გაუზიაროს და თანამშრომლობა გააძლიეროს ქართულ მხარესთან.

  • ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულად ჩინური კომპანია დასახელდა. ანაკლიის პორტის გარდა, საქართველოში სხვა რა სფეროებითაა დაინტერესებული ჩინეთი?

საქართველო, გახსნილობის მაღალი ხარისხითა და კარგი ბიზნეს გარემოთი, ცხელი წერტილია უცხოური ინვესტიციებისთვის. ჩინეთისთვისაც პერსპექტიულია საქართველოში ინვესტირება, საქართველოში ჯამური ინვესტიცია 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ჩინეთი უდავოდ მსოფლიოში ნომერ პირველია ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში, მას სურვილი აქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს რკინიგზის, პორტების, მაგისტრალებისა და სხვა სფეროებში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაუმჯობესებაში. ბევრი ჩინური კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თაობაზეც, რაც, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ამავდროულად, ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერცია, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ენერგეტიკული და ციფრული ჰაბების შექმნა, ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და მეორადი ავტომობილები და სხვ. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ უფრო მეტი ჩინური კომპანიის საქართველოში ჩამოსვლას ინვესტირებისთვის და მეტი ჩინური სიბრძნისა და სიძლიერის გაზიარებას საქართველოსა და რეგიონის განვითარებისთვის.

  • რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება იქონიოს ანაკლიის პორტმა საქართველოსა და ჩინეთზე?

ანაკლიის პორტი "შუა დერეფნის" მნიშვნელოვანი ნაწილია და შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში, მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის და საქართველოსა და "შუა დერეფნის" გასწვრივ მდებარე ქვეყნებისთვის. ამჟამად, ჩინეთი, საქართველო, ევროპა და ახლომდებარე ყველა მხარე დადებითად არის განწყობილი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა მის სამომავლო განვითარებას.

საქართველო აკავშირებს ევროპასა და აზიას, აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი. ანაკლიის პორტი უდავოდ კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა განუწყვეტლივ ღრმავდება და თვალსაჩინო შედეგებს აღწევს. მჯერა, რომ ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს სტატუსს ევრაზიის კავშირსა და ვაჭრობაში და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გააძლიეროს  კომუნიკაცია და თანამშრომლობა „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან და ასევე ევროკავშირთანაც, ხელი შეუწყოს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასა და „შუა დერეფანს“ შორის თავსებადობას, გააუმჯობესოს რესურსების განაწილება, გააძლიეროს საბაზრო თანამშრომლობა, უკეთ გამოიყენოს „შუა დერეფანი“, მუდმივად გააუმჯობესოს რეგიონული სატრანსპორტო ეფექტურობა და უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს რეგიონულ ეკონომიკურ, სავაჭრო და სოციალურ განვითარებას.

  • ქართული მხარე თბილისში ახალი აეროპორტის აშენებას გეგმავს, ჩინეთი ხომ არ არის დაინტერესებული?

როგორც ახლახანს აღვნიშნე, საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო. თუ იქნება შესაძლებლობა, ვიმედოვნებთ, რომ ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობა შედგება ამ პროექტზე.

გამოგვყევით