2025 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.1 პროცენტიანი მატება.
“საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის იანვართან შედარებით ფასები 3.9 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.1 პროცენტი), რამაც 0.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8 პროცენტი) და რეზინის და პლასტმასის ნაკეთობებზე (2.9 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 30.1 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.64 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (36.5 პროცენტი);
- დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.63 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (7.9 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (6.0 პროცენტი);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.73 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
რაც შეეხება, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასებს - ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.6 პროცენტით გაიზარდა.
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 9.8 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.5 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 9.2 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.
მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსები საქართველოში კი ასე გამოიყურება:
მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1.8 პროცენტით კლება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 0.7 პროცენტით. ამასთან, წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.3 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 1.5 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 1.8 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.2 პროცენტით. ამასთან, წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 22.9 პროცენტით, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 0.5 პროცენტით.
სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.7 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 11.4 პროცენტით, ხოლო სადენიანი და უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი შემცირდა 13.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 21.0 პროცენტით. ამასთან, სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 20.6 პროცენტით, ხოლო უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.8 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე 1.4 პროცენტით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 7.2 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 6.4 პროცენტით.