დღეს ჩატარდა სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა - აღინიშნა და გადაწყდა, რომ კომისია არამხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე იმუშავებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის შესაბამისი ჯგუფი საქართველოს პარლამენტში.
„ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს დაასრულებს აპრილის ბოლომდე, პარალელურ რეჟიმში, შესაბამისი ჯგუფი შეისწავლის პარლამენტში აღნიშნულ საკითხს და ერთობლივად, პარლამენტთან კოორდინაციაში, ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება და, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ რას მოიცავს ეს ფასები, სად არის ფასნამატები, სად არის ფასნამატები არალოგიკური და არ შეესაბამება არსებულ ევროპულ პრაქტიკას,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, 2025 წლის ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.