logo
Loading data...

კომპანია "ფერი" ენერგეტიკულ პროექტებს მხარდაჭერის მექანიზმების გარეშე განახორციელებს

კომპანია "ფერი" ენერგეტიკულ პროექტებს მხარდაჭერის მექანიზმების გარეშე განახორციელებს

1713528000

კომპანია „ფერი“ გეგმავს ენერგეტიკული პროექტები მხარდაჭერის მექანიზმის გარეშე განახორციელოს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა, რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე მიმდინარე ეტაპზეა.

„რაჭაში ვახორციელებთ სორგითის პროექტს, რომელიც 30 მგვტ-იანია, სვანეთში - ხუმფრერის პროექტს, რომელიც ასევე, 30 მგვტ-იანია. რამდენიმე დღეში კი, ალბათ, ახალ მემორანდუმს გავაფორმებთ სახელმწიფოსთან და ასევე, მხარდაჭერის სქემის გარეშე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმძლავრის მშენებლობას დავიწყებთ. საუბარია 100 მგვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე“ - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

ამასთან, მისივე თქმით, მხარდაჭერის მექანიზმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ მექანიზმს კრიტიკოსებიც ეყოლება.

„საქმე ისაა, რომ ენერგეტიკა არ იანგარიშება ერთი და ორი დღით, როდესაც ამ დარგს ენდობი, ენერგეტიკა 10-15 წლიან პერსპექტივაზე უნდა გაითვალოს. ჩვენთვის, მაგალითად, ჰიდროს კუთხით ამ მექანიზმში არც მიგვიღია მონაწილეობა, რადგან, როდესაც სადგური 4-5 წლის შემდეგ შევა ექსპლუატაციაში, დარწმუნებული ვარ, რომ ის კომპანია 5 წლის შემდეგ არც კი გააგრძელებს ამ მექანიზმში მონაწილეობას - იმდენად გაზრდილი იქნება მოხმარება და იმდენად შეცვლილი იქნება რეალობა დღევანდელთან შედარებით. თუმცა, ეს მხარდაჭერის მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია დარგში დამწყები მოთამაშეებისთვის, მცირე სიმძლავრეებისთვის ან იმ სადგურებისთვის, რომლებიც კომპლექსურია, რთულია და საჭიროა საბანკო-დაფინანსებადი გახდეს ესა თუ ის პროექტი.

დიდწილად, ეს მიმზიდველი არის მზისთვის, ქარისთვის. რაც შეეხება ჰიდროს, ვაპირებთ რამდენიმე პროექტი მხარდაჭერის სქემის გარეშე განვახორციელოთ და ვიყოთ მაგალითები ბაზარზე სხვა მოთამაშეებისთვის. თუმცა, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მცირე სადგურებისთვის და დაეხმარება ახლად შემოსულ მოთამაშეებს, რომ თავი უფრო დაცულად იგრძნონ“ - ამბობს ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონი თებერვალში დასრულდა. მედიანური ტარიფები ეკონომიკის სამინისტროს ცნობით შემდეგია:

ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 6,50 აშშ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები - 6,00 აშშ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით - 8,60 აშშ ცენტი; მზის ელექტროსადგური - 5,60 აშშ ცენტი; მზის ელექტროსადგური ბატარეებით- 6,39 აშშ ცენტი; სხვა განახლებადები - 15,35 აშშ ცენტი.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით