ეროვნული ვალუტის სტაბილურობისა და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს. ამის შესახებ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აპრილში ნედლი ნავთობის ფასი დამატებით 8-10%-ით შემცირდა და კლების ტრენდს ინარჩუნებს.
ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება. იანვარში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა.
იანვარში, თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს.
ფასის შემცირება, თებერვალ-მარტის თვეში, განპირობებული იყო, რიგი კომპანიების შემთხვევაში, იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. ამ მიმართულებითაც არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული კომპანიების კონკრეტული მარკის საწვავზე თვითღირებულება არ შემცირებულა, თუმცა ყველა კომპანიის მიერ ფასი შემცირდა, პრაქტიკულად, ერთ პერიოდში. კერძოდ, 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე პერიოდში ბენზინზე ფასი მსხვილი კომპანიების სეგმენტში 7-10 თეთრით, დიზელზე 8-10 თეთრით, მცირე კომპანიების სეგმენტში ბენზინზე 15-20 თეთრით, დიზელზე 30-40 თეთრით არის შემცირებული.
მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.
ნედლი ნავთობის ფასი, 2025 წლის აპრილის თვეში, დამატებით 8-10%-ით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის / პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს.
2024 წელს, ქვეყანაში 1 668 280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. 3 მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე 44%-ის, 5 მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია. ამავე პერიოდში, საცალო ბაზარზე 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. 5 მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%-ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34% შეადგენს.