სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალურმა დირექტორმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სადაზღვევო სექტორში საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
მიხეილ ჯაფარიძის განაცხადებით, პირველ რიგში, უნდა გავარჩიოთ, ინვესტორში ვინ იგულისხმება.
"თუ ვსაუბრობთ ინსტიტუციურ ინვესტორებზე, რომლებსაც გრძელვადიანი ხედვა აქვთ, მაშინ საქართველო მათთვის ჯერ ადრეა. არ აქვს საკმარისი სიღრმე ამ ინდუსტრიას საქართველოში და შეიძლება რადარზე ვერ მოვხვდეთ. თუმცა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საბოლოო ჯამში მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საინტერესო ქვეყნების სიაში მოხვდეს.
საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტსა და დაზღვევის მოცულობას შორის ფარდობა დაახლოებით 1.4-ია. განვითარებულ ქვეყნებში 7, 9, 15-იც კი არის, მაგრამ ჩვენთან ყველაზე ახლოსაა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, რომლებსაც შეგვიძლია 5-10 წელში დავეწიოთ. 3-4 ჯერ დიდი მოცულობები უნდა ჰქონდეს სადაზღვევო ინდუსტრიას, ვიდრე დღეს გვაქვს, რომ ინვესტორებისთვის საინტერესო ვიყოთ.
ასეთი ლოგიკით, ინდუსტრია ძალიან საინტერესოა მისი მზარდი პოტენციალით. მიუხედავად იმ მწირი რესურსებისა, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიას დღეს აქვს, ის ინოვაციები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რაც ძალიან ბევრ დიდ ევროპულ კომპანიებსაც კი არ აქვთ, ჩვენ ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა ეს დამოკიდებულია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე” - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, 2025 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 453 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 325 მილიონ ლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 76 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 26 მილიონი ლარი (2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი) შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 675 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 473 მილიონ ლარს.