აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა მიმდინარე და მომავალ წელს ურყევად შენარჩუნდება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პოლიტიკის მოსალოდნელმა ცვლილებამ არჩეული პრეზიდენტი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პირობებში შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეგიონის გრძელვადიან პროგნოზზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
ADB-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვაჭრობის, საფინანსო და საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებამ შესაძლოა შეამციროს ეკონომიკის ზრდა და გაზარდოს ინფლაცია განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ აზიის განვითარების პროგნოზში. რადგან აღნიშნული პოლიტიკის ცვლილებას სავარაუდოდ გარკვეული დრო დასჭირდება, მის შედეგს რეგიონი 2026 წლიდან იგრძნობს. გავლენა ხელშესახები უფრო მალეც გახდება, თუ პოლიტიკა მოსალოდნელზე ადრე ან სწრაფად განხორციელდება ან თუ აშშ-ში ბაზირებული კომპანიები წინასწარ იმპორტს განახორციელებენ მოსალოდნელი გაზრდილი გადასახადის თავიდან ასარიდებლად.
ანგარიშის მიხედვით, განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკები 2024 წელს 4.9%-ით გაიზრდება, რაც ADB-ის სექტემბრის 5%-იან მოლოდინს ოდნავ ჩამოუვარდება. მომავალი წლის პროგნოზი 4.9%-დან 4.8%-მდე შემცირდა, უმთავრესად სამხრეთ აზიაში შედარებით სუსტი შიდა მოთხოვნის გამო. რეგიონის ინფლაციის პროგნოზი შემცირდა 2.8%-დან 2.7%-მდე, ხოლო მომავალ წელს 2.9%-დან, 2.6%-მდე, ნაწილობრივ ნავთობის ფასების მოსალოდნელი შემცირების გამო.
„ძლიერი ზოგადი შიდა მოთხოვნა და ექსპორტი განაგრძობს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას ჩვენს რეგიონში. თუმცა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკის მოსალოდნელმა ცვლილებამ შესაძლოა გარკვეულწილად შეამციროს ეკონომიკის წინსვლა და გაზარდოს ინფლაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სავარაუდოდ მომავალი წლის შემდგომ პერიოდში, რაც ასევე იმოქმედებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ეკონომიკებზე,"-განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.
მაღალი რისკის შემცველი სცენარის მიხედვით, ADB ვარაუდობს, რომ აშშ-ის პოლიტიკის აგრესიულმა ცვლილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გლობალური ეკონომიკის ზრდას მომდევნო 4 წელზე მეტ ვადაში, ჯამური 0.5 პროცენტული მაჩვენებლით. უნივერსალური ტარიფები სავარაუდოდ შეამცირებს საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს და ბიძგს მისცემს შედარებით ძვირ შიდა წარმოებას. ამავდროულად, შემცირებულმა იმიგრაციამ შესაძლოა აშშ-ს სამუშაო ძალა შეამციროს. ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პოტენციურად მეტად ექსპანსიურმა ფისკალურმა პოზიციებმა, და მასთან ერთად ტარიფებმა და მიგრაციის შეზღუდვამ, შესაძლოა აშშ-ში განაახლოს ინფლაციური წნეხები.
აშშ პოლიტიკის სავარაუდო ცვლილების მასშტაბის მიუხედავად, განსაკუთრებით გადასახადების კუთხით, განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე მისი გავლენა, ამ მაღალი რისკის სცენარით შემოიფარგლება. დამატებითი ხელშეწყობის არარსებობის შემთხვევაშიც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (ჩინეთი) შესაძლოა 2028 წლამდე წლიურად საშუალოდ მხოლოდ 0.3%-ით შემცირდეს. მისი მეორადი უარყოფითი ეფექტი რეგიონის მასშტაბით, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით, შესაძლოა განეიტრალდეს ვაჭრობისა და წარმოების გადატანით ჩინეთიდან სხვა ეკონომიკებში.
ახლო ვადაში, რეგიონის ეკონომიკების უმრავლესობაში მოლოდინები შედარებით სტაბილურია. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს უცვლელი 4.8%-ია, მომავალ წელს 4.5%. ინდოეთის ეკონომიკის პროგნოზი 7.0%-დან 6.5%-მდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს 7.2%-დან 7.0%-მდე, კერძო ინვესტიციებსა და საცხოვრებელზე მოთხოვნის მოსალოდნელზე ნაკლები ზრდის გამო.
გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ზრდის მოლოდინი წელს 4.5%-დან 4.7%-მდე, რასაც სამრეწველო პროდუქციის ძლიერი ექსპორტი და სახელმწიფო სახსრების ხარჯვა განაპირობებს. მომავალი წლის პროგნოზი უცვლელად 4.7%-ია.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზრდის პროგნოზი წელს 4.7%-დან 4.9%-მდე გაიზარდა, ხოლო მომავალი წლისთვის 5.2%-დან 5.3%-მდე. უცვლელი რჩება მოლოდინები წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისთვის - მიმდინარე წელს 3.4%, მომავალ წელს 4.1%.
აშშ პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გარდა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკისა და ინფლაციისთვის რისკს წარმოადგენს გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და ჩინეთში უძრავი ქონების ბაზრის სიმყიფე.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 69 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.