logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა "შუა დერეფანში", ვინც ფინანსური ტექნოლოგიები და ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან"

"ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა "შუა დერეფანში", ვინც ფინანსური ტექნოლოგიები და ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან"

1750420779

ჩვენ ვართ, შეიძლება ითქვას, პირველი ქვეყანა შუა დერეფანში ვინც ფინანსური ტექნოლოგიები, ახალი გადახდის სისტემები ფაქტობრივად დააწყვილა რეალური ეკონომიკის მიმდინარე პოზიტიურ ტრენდთან. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - რეგიონში - ძირითად მხარეებს, ეგრეთ წოდებულ სტეიკჰოლდერებს, დავარწმუნებთ ამ კონცეფციის სიცოცხლისუნარიანობასა და მის პერსპექტივებში“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ, სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ებანოიძის შეფასებით შუა დერეფანში მიმდინარე პოზიტიური ტენდენცია ვაჭრობაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაჩქარდეს. „შუა დერეფანის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, თუ ჩვენ ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს - პირდაპირ გადახდის მექანიზმებსა და ღია ბანკინგის დაკავშირებადობას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გავზრდით“- განაცხადა მან.

ვარლამ ებანოიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი ფინანსურ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, ფინტექის განვითარების სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა კი მისი შეფასებით დრომ მოიტანა.

„ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც ძალიან მარტივად, ორი სიტყვით შეგვიძლია არტიკულაცია გავუკეთოთ ჩვენს ხედვას ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით ეს ნიშნავს ახალი მოთამაშეებისთვის შემოსვლის ბარიერების შემსუბუქებას; ქვეყნის გარეთ კი ნიშნავს ისეთი ფინტექზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხიდების გაბმას რეგიონში, რაც აქსელერაციას მისცემს რეალურ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტრენდს,“ - აღნიშნა ვარლამ ებანოიეძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია გავა ეროვნული ბანკის ფარგლებს მიღმა და რეალურად იქცევა ქვეყნის ეროვნულ ფინტექ სტრატეგიად.

ეროვნული ბანკის მიერ გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მიეძღვნა, მიზნად ისახავდა კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოგვყევით