დღეს, 27 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი სამი პუნქტი დააჯარიმა.
კერძოდ, შპს „დავითი“ ჯამში 49,050 ლარით დაჯარიმდა.
- ანგარიშვალდებულმა პირმა, რომელიც საქმიანობას დაიწყებს, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2017 წლის 15 მაისს. მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2025 წლის 31 მაისს, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
- "ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესით" გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 15 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 30 000 ლარი.
- კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 6 000 ლარი.
- "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ჯამში, 2 100 ლარით დაჯარიმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - შპს „სმ სერვისი“-ც.
- კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 100 ლარი.
- კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2,000 ლარი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯამში 20 400 ლარით დაჯარიმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - შპს „აკო“-ც.
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარუდგენლობის 16 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 1,600 ლარი;
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 და მეტი სამუშაო დღის დაგვიანებით წარუდგენლობის 6 (ექვსი) ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 1,800 ლარი.
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული, რაც თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით. სულ - 2,000 ლარი;
- კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2,000 ლარი;
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.