logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბურ აუქციონს ჩაატარებს" - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბურ, სახაზინო ობლიგაციების  აუქციონს ჩაატარებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა „ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში“ სტუმრობისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  გამოშვება ბაზარზე  ყოველკვირეულად ხდება, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბებით.

“ჩვენ გვექნება დიდი გამოშვებაც, სადაც მოვიწვევთ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს, რომელთა  მხრიდანაც დაინტერესება არის ძალიან მაღალი. ეგრეთ წოდებული “როუდ შოუების”  ფარგლებში ძალიან ბევრმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული უკვე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ანუ სახაზინო ობლიგაციების გამოშვების დროს მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვხედავთ აქტივობას არარეზიდენტების ანუ უცხოური კომპანიების მონაწილეობას ჩვენს ფასიან ქაღალდებში. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი,"- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული კაპიტალის ბაზრით დაინტერესება გამოკვეთილად ჩანს. 

"მათი მხრიდან ინტერესი გაცხადებულია. ჩვენ დაახლოებით 100-ზე მეტს საერთაშორისო კომპანიას შევხვდით. არაერთმა კომპანიამ დააფიქსირა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართულ ფასიანი ქაღალდებში ანუ ლარში დენომენერებულ ფასიან ქაღალდებში. ჩვენ ამას გავაკეთებთ მიმდინარე წელს. მანამდე გვექნება წინარე სამუშაოები და უკვე მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი გამოშვება.  მოცულობა  უკვე დადგინდება "როუდ შოუს" დროს, როდესაც გვექნება შესაბამისი შეხვედრები, პრეზენტაციები, ჩვენი მხრიდან დაინტერესების გაზომვა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამოშვება. თუმცა ეს იქნება გაცილებით მაღალი ნიშნულით,  ვიდრე ხდება მიმდინარე პერიოდში გამოშვება,"-აღნიშნა ხუციშვილმა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე დღეს მერყეობა მაღალია, რაც ინვესტორებს ბაზრების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.

"დღეს საერთაშორისო ბაზრები ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. იქიდან გამომდინარე,რომ მერყეობა არის ძალიან მაღალი. ამის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორი არის ბუნებრივია, გეოპოლიტიკური ფაქტორები. მათ შორის გარკვეულწილად სავაჭრო ომები და ეს ახალისებს საერთაშორისო ინვესტორებსაც, რომ მათ ინვესტიცია განახორციელონ არა მხოლოდ ამერიკულ დოლარში ან ევროში, არამედ სხვადასხვა ვალუტებში,"-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

გამოგვყევით