logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ფინანსური სექტორი მდგრადია, დამატებით ინსტრუმენტს ცენტრალური ბანკის მხრიდან არ საჭიროებს" - დავით უტიაშვილი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის ინფორმაციით, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა, რადგან ფინანსური სექტორი მდგრადია.

როგორც დავით უტიაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, სექტორი ცენტრალური ბანკის მხრიდან რამე დამატებით ინსტრუმენტს არ საჭიროებს.

"ტრადიციულად ვაჯამებთ, მიმდინარე ტენდენციებს და თუ შევხედავთ, ფინანსური სექტორი მდგრადია - კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები გვაქვს. ასევე სესხების ზრდა 14.8%-ია და მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობას სრულიად შეესაბამება. აქტივების ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ბოლო ათწლეულში გვქონია, ხოლო უმოქმედო სესხების დონე დაახლოებით 2.6%-ია", - აცხადებს დავით უტიაშვილი.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსურ სექტორში არსებულ გარკვეული სახის რისკების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე პერიოდში მთავარი რისკი - საგარეო მოწყვლადობაა.

"ცხადია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს და სწორედ ამ ანგარიშში გამოვყოფთ ხოლმე, კერძოდ, ფინანსური სექტორი რა რისკების წინაშე დგას და ამ ყველაფრის საპასუხოდ ცენტრალური ბანკი რას აკეთებს. მიმდინარე პერიოდში მთავარი რისკია საგარეო მოწყვლადობა. კერძოდ, გლობალურად გაურკვევლობა გაზრდილია. ტარიფებისა, თუ სხვა პოლიტიკის შედეგად, სავაჭრო ნაკადებთან დაკავშირებით გამოწვევები არსებობს, რაც შემდეგ გლობალურად გაზრდილ ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთებს იწვევს. ეს ყველაფერი ჩვენზეც გავლენას ახდენს, რადგან პატარა, ღია ეკონომიკა გვაქვს, რომელიც საგარეო შემოდინებებზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს დავით უტიაშვილი.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინფლაციასაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ქვეყანაში  მომდევნო თვეებში ინფლაციის დონემ შესაძლოა, 5%-ს მიაღწიოს. 

"ადგილობრივ დონზე, გასული 2 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ გვქონდა, ამიტომ ფასების დონეს გარკვეული სახის მერყეობა აქვს. ინფლაციამ ჩვენი პროგნოზით, მომდევნო თვეებში 5%-ს შეიძლება, მიაღწიოს. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ერთჯერადი ფაქტორებითაა განპირობებული და მილევადია. ვფიქრობთ, მომდევნო წლის პირველი კვარტალიდან კლებას დაიწყებს", - აღნიშნავს დავით უტიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. 

ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობებისა და რისკების შეფასება და ძირითადი აქცენტი საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა გაკეთებული. დოკუმენტი ასევე მოიცავს ფინანსური სექტორის მახასიათებლებისა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტების მიმოხილვას, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.

ამასთან, ანგარიშში გაანალიზებულია საგარეო მოწყვლადობა, შინამეურნეობების სექტორი, არაფინანსური კომპანიები და უძრავი ქონების სექტორი; დეტალურად არის მიმოხილული ფინანსური სისტემა და მისი მდგრადობის ანალიზი. გარდა ამისა, დოკუმენტში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, სიღრმისეულადაა მიმოხილული ფინანსური სისტემის მასშტაბით მოქმედი მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ინსტრუმენტები.

გამოგვყევით