საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის, დავით აბულაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც არქიტექტურულ დარგში გარკვეული სახის სტანდარტების შემოღებას ითვალისწინებს მისასალმებელია.
როგორც დავით აბულაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, არქიტექტურა კომპლექსურია, გარდა სივრცითი დაგეგმარებისა კონკრეტული შენობა-ნაგებობის დიზაინსაც მოიცავს.
"ზოგადად მოხარული ვარ, რომ სახელისუფლებო ლექსიკაში არქიტექტურა დაბრუნდა. არქიტექტურა არ არის მხოლოდ ტექნიკური პროფესია, სადაც ჩვენ ნახაზს ვქმნით. ნახაზის მიღმა ისეთ კომპონენტებს მოიაზრებს, რომელიც კონკრეტული შენობის ხარისხს, ესთეტიკას უზრუნველყოფს. პრემიერის გადაწყვეტილება, რომ ჩვენს დარგში გარკვეული სახის სტანდარტები შემოვიდეს მისასალმებელია. აღნიშნული მიმართულება სისტემური საკითხია, მხოლოდ ერთი კომპონენტი არ გახლავთ, მაგალითად, სახურავის ფერი, ცენტრალური ქუჩების იერსახე - არქიტექტურა კომპლექსურია, გარდა სივრცითი დაგეგმარებისა კონკრეტული შენობა-ნაგებობის დიზაინსაც მოიცავს. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, ვიდრე კონკრეტულ კომპონენტებზე ვისაუბრებთ ჩვენი დარგის გააზრება მოხდება.
არქიტექტურის დარგი, ჯერჯერობით, სისტემურად ვერ აეწყო. კერძოდ, ამ მიმართულების დაშლას ძალიან დიდი დრო მოხმარდა, ყველა ტიპის რეგულაცია მოიხსნა, ვფიქრობ, ახლა კარგ ეტაპზე ვართ", - განაცხადა დავით აბულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე 8 სექტემბერს განაცხადა, რომ შენობების ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტები დამტკიცდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სტანდარტებს.
"დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ჩვენი ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მომავალში მივიღოთ უფრო მოწესრიგებული შენობა-ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. აქედან გამომდინარე, ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლებების ვიზუალური, ესთეტიკური და სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესშია ეს სამუშაო და ძალიან მალე ეს სტანდარტები იქნება დადგენილი. როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე, გაუმჯობესდება ჩვენი დასახლებების იერსახე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.