საქართველოს ბიზნესს ასოციაციის ( BAG) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, "თეთრ სიასთან" დაკავშირებით, სწორი, კომპრომისული, ე.წ. გარდამავალი პროცესია შემოღებული.
ლევან ვეფხვაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ბიზნესში არსებული პრობლემური საკითხიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წელია, ქვეყანაში პირველ ადგილზე კვალიფიკაციური კადრის დეფიციტია.
"პრემიერთან შეხვედრაზე საქმიანი და თემატური ურთიერთობა გვქონდა. არანაირი წინასწარი ცენზურა არ ყოფილა, რაც უშუალო ურთიერთობის რეჟიმს ქმნიდა. შესაბამისად, ფორმატმა გაამართლა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბიზნესის მხარე იდეალურია და პრობლემები არ გვაქვს. პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა და ბოლოს სადღაც თავი იჩინა. ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ძალიან აქტიური გახლდათ. "თეთრ სიასთან" დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალი პროცესია შემოღებული, რასაც ბიზნესი დაეთანხმა.
ბოლო 3 წელია პირველ ადგილზე კვალიფიკაციური კადრის პრობლემაა, აღნიშნული გამოწვევა 6 თვეში ვერ მოგვარდება. ამ ყველაფერს საერთაშორისო ტექნოლოგიურ პარტნიორებთან აქტიური მუშაობა სჭირდება, რათა შესაბამისი, კვალიფიკაციის კადრი შემოვიდეს", - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.
საქართველოს ბიზნესს ასოციაციის ( BAG) აღმასრულებელი დირექტორი ბიზნესს გარემოს პრობლემებს უფრო ფართოდ შლის და აღნიშნავს, რომ როგორც კი კომპანიები აქტივობას ზრდიან, მაშინვე 2 პრობლემა იჩენს თავს: კვალიფიკაციური კადრის პრობლემა და მეორე - ადმინისტრაციული ბერკეტები.
"ბიზნესში ხელის შემშლელ ფაქტორებს როგორ ვხვდებით იცით?! ესაა, მოთხოვნის სიმცირე სერვისებზე და პროდუქტებზე. თუ ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიების რაოდენობა იზრდება, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. რასაც ახლა ვხედავთ, აღნიშნული მაჩვენებელი სტაბილურად დაბალია, ბოლო კვლევის მიხედვით, 10%-ზე დაბლაა. მოთხოვნა-მიწოდების თემაა - მოთხოვნა ბაზარზე არსებობს, შესაბამისად, კომპანიას ყოველთვის გაუჩნდება სურვილი გაფართოვდეს და მოთხოვნის ადეკვატური იყოს.
ზოგადად, როგორც კი კომპანიები აქტივობას ზრდიან, მაშინვე 2 პრობლემა იჩენს თავს - კვალიფიკაციური კადრის პრობლემა და მეორე - ადმინისტრაციული ბერკეტები - მეტი წინაღობები რჩება. პრემიერ-მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და მისგან ცხადი პასუხი მივიღეთ - აღნიშნული პრობლემა მოგვარდება", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.
ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.