კომპანია "სამეფო თაფლი", რომელიც 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი გომელაური "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია.
ბიზნესმენის ინფორმაციით, "სამეფო თაფლი" ასორტიმენტის ხაზის გაფართოებაზეც მუშაობს. კერძოდ, უახლოეს მომავალში, ამჟამად არსებულ პროდუქციას ჩურჩხელაც დაემატება.
გიორგი გომელაური გაყიდვების საკითხსაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალ ხარისხს, ასორტიმენტის ზრდას, ტურისტების დიდ ნაკადს და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სტაბილურობას უკავშირებს.
"ახალ ბრენდულ მაღაზიაში, წარმოდგენილი კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტით იქნებით. ზოგადად, რომ გითხრათ, ცაცხვის და გაზაფხულის (მაისის) თაფლს ვაწარმოებთ. ნედლეულის ერთი ნაწილი კახეთიდან მოგვაქვს, ხოლო მეორე ნაწილი - წაბლის თაფლი დასავლეთ საქართველოდანაა. წარმოების დაახლოებით, 50% საკუთარი გვაქვს, ხოლო დანარჩენს პარტნიორი მეფუტკრეებისგან ვიღებთ.
საერთო ჯამში 50-მდე, სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქცია გვაქვს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, ასევე მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და რა თქმა უნდა, პროდუქციის შემადგენლობაშია გოზინაყის დიდი არჩევანი.
ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იმავე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ ხარისხის გაფუჭება ბიზნესს კუთხით არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრემიუმ კლასის დონე შევინარჩუნოთ", - აცხადებს გიორგი გომელაური.
კომპანიის დამფუძნებელი პროდუქციის დამზადების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია აღნიშნული მიმართულებით ნაწილობრივ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.
რაც შეეხება კორპორაციულ გაყიდვებს გიორგი გომელაურის თქმით, კორპორაციული გაყიდვების დიდი წილი ახალი წლის პერიოდზე მოდის.
"როგორც აღვნიშნე, მთავარია ხარისხი არ გაფუჭდეს. ამიტომ თუ რომელიმე თანამედროვე ტექნოლოგია წარმოების პროცესს გაგვიმარტივებს, მაგრამ ხარისხს, თუნდაც ოდნავ გააუარესებს, მაშინ მსგავს დანადგარზე უარს ვიტყვით", - აცხადებს "სამეფო თაფლის" წარმომადგენელი.
კომპანიის დამფუძნებელი საექსპორტო მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია უცხოურ ბაზარზე გასვლაზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა სიტუაცია შეაფერხა.
"ამჟამად, ექსპორტის მიმართულებით განვითარებას ვცდილობთ. მოგეხსენებათ, ქართული ბაზარი მცირეა, საჭიროა უცხოეთში გასვლა, რომ ადგილობრივი წარმოება დაფასდეს. კონკურენციას, რაც შეეხება, სხვებზე არასდროს ვსაუბრობთ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხის სტაბილურობა, გაყიდვებზეც აისახება. კერძოდ, ყოველ წელს გაყიდვები მზარდია. აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს, რომ კმაყოფილი მომხმარებელი მუდმივად გვემატება", - აცხადებს "სამეფო თაფლის" წარმომადგენელი.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატების აღება პროდუქციის ხარჯს ძალიან აძვირებს.
"ეკო სერტიფიკატების, ან საერთაშორისო ხარისხის ნიშნების (BIO, Organic და სხვ.) აღება ძალიან აძვირებს ხარჯებს. უფრო რომ დავაზუსტო, ისედაც ბიო მიმართულებას მივყვებით და იმის გამო, რომ ჩვენს ნაწარმს "ბიო"-ს ლოგო ჰქონდეს პროდუქციისთვის ფასის მომატებას არ ვაპირებთ. ზოგადად "სამეფო თაფლის" პროდუქციის ღირებულება 7 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე მერყეობს", - აღნიშნავს გიორგი გომელაური.
ცნობისთვის, კომპანია "სამეფო თაფლი" ადგილობრივ ბაზარზე 8 წელია ოპერირებს. კომპანიას საერთო ჯამში 50-მდე, სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქცია აქვს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, ასევე მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი.
ამასთან, "სამეფო თაფლის" პროდუქცია წარმოდგენილია დიდ სავაჭრო ქსელებში, მაგალითად, "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", "ფრესკო" და ა.შ. კომპანიას საკუთარი შოურუმიც აქვს.