logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საუდის არაბეთთან ორმხრივი ინვესტიციების დაწყება, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას გაზრდის" - სასტუმრო "მეტეხარა"

რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარას" დამფუძნებლის, ლელა ბერაძის შეფასებით, საუდის არაბეთთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყება დადებითი შინაარსის მატარებელია.

როგორც ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება ტურისტების რაოდენობის ზრდასაც შეუწყობს ხელს, რაც ბიზნესს სექტორისთვის საინტერესოა. 

"საუდის არაბეთთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე მემორანდუმის  გაფორმება, ცხადია, დადებითი შინაარსის მატარებელია. ორმხრივ ხელშეკრულებას, თუ გავაფორმებთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას გააძლიერებს და სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება. აღნიშნული მემორანდუმი სარკისებურად აისახება, მაგალითად, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდაზე. საქართველოში თუ სხვადასხვა, მიმართულებით მეტი ინვესტიცია ჩაიდება, ამაზე კარგი რა არის?! ქვეყანა განვითარდება, რასაც ტურისტების მრავალფეროვნება მოჰყვება, მოკლედ, ინიციატივას ბიზნესისთვის პოზიტიური შედეგი ექნება", - აღნიშნავს ლელა ბერაძე.

სასტუმროს დამფუძნებელი ზოგადად რაჭის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურა განვითარებულია, თუმცა რაჭას სახელმწიფოს მხრიდან მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება. 

ლელა ბერაძის ინფორმაციით, ამჟამად, რეგიონში ტურისტები ძირითადად პოსტს საბჭოთა ქვეყნებიდან ჩადიან. მისივე თქმით, მაგალითად, საუდის არაბეთიდან, სტუმრები, რაჭას ნაკლებად სტუმრობენ, ხოლო ევროპელი ვიზიტორები უფრო ხშირია. 

"რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება. ზოგად ჭრილში რომ გესაუბროთ, ინფრასტრუქტურული პრობლემები არ გვაქვს, გზა გაკეთებულია, არც სანიშნე ნიშნულების პრობლემა შეინიშნება. სასტუმროების, კოტეჯების, კვების ობიექტების რაოდენობაც გაზრდილია. მოკლედ, რაჭას უფრო მეტი სტუმრის მიღება შეუძლია. გამოწვევებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რეგიონს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციის გაწევა სჭირდება. სწორი მარკეტინგული ჩართულობა და უცხოელების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი რეკლამა გვჭირდება, როდესაც ტურისტულ სააგენტოებს ვესაუბრები რაჭით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ტურისტებისთვის ჩვენი მხარე უცხოა. ვიზიტორებს ბათუმში, კახეთში, სვანეთში წასვლა ურჩევნიათ.

ძირითადად პოსტს საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომლებიც ჩვენს შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ზამთარში ძალიან გვიჭირს, არც ადგილობრივი ვიზიტორი გვყავს და არც უცხოელი ტურისტი, ამიტომ კარგი იქნება, თუ სათხილამურო ტრასა გაკეთდება. პროექტი გეგმაშია და იმედია, მალე დასრულდება.

აზიელი სტუმრები, ზოგადად რაჭას და ჩვენს ტურისტულ ობიექტს ნაკლებად ჰყავს, მცირე რაოდენობით გვსტუმრობენ, მაგრამ საკმარისი არ არის. ასევე საუდის არაბეთიდან ვიზიტორები არ შეინიშნება. ჩემი აზრით, რაჭის შესახებ აღნიშნულ სეგმენტს ინფორმაცია არ აქვს. ჩინელები ვიზიტორები გვყავდა ღვინო აინტერესებდათ, წლების წინ ასევე დუბაიდან გვყავდნენ სტუმრები", - აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, რაჭაში, ამბროლაურში მდებარე სასტუმრო "მეტეხარა" 14 ნომრისგან შედგება. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში სასტუმრო, აუზი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს, ფარი ალ გარნის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა  თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხები.

„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263 პროცენტით, 2025 წლის 6 თვეში კი 70%-ით გაიზარდა. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გამოგვყევით