შაქრის მავნებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მოქალაქეები უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას უშაქრო პროდუქტებს -, ამის შესახებ უშაქრო ტკბილეულის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, Sugar Free-ის დამფუძნებელმა რუსო კვანტალიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.
„ამჟამად გვაქვს 50-მდე დასახელების პროდუქტი, თუმცა ასორტიმენტს მუდმივად ვანახლებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვეხმაუროთ მომხმარებლის მოთხოვნებს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ორცხობილების მიმართულებით ახალი პროდუქტების დამატებას, რადგან ამ კატეგორიაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. გარდა ამისა, ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას უგლუტენო და კეტო-მეგობრულ კატეგორიებში,“ - აცხადებს რუსო კვანტალიანი.
მისივე ინფორმაციით, გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი ონლაინ რეალიზაციაზე მოდის, თუმცა ბოლო პერიოდში ფილიალებში ვიზიტორების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა.
„სწორედ ამ მიზეზით ფილიალში დავამატეთ სამუშაო ზონები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის დაგემოვნებასთან ერთად განტვირთვა და მუშაობა", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, კომპანია ასევე მუშაობს თბილისის სავაჭრო ცენტრებში და ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსებაზე. ამასთან, რუსო კვანტალიანის თქმით, Sugar Free რეგიონულ გაფართოებაზეც ფიქრობს - პირველი ფილიალის გახსნა სავარაუდოდ ბათუმში დაიგეგმება.
ცნობისთვის, კომპანია Sugar Free 2021 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს.