საქართველოში, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.7%, ხოლო 2026 წელს 2.9% იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ავრცელებს.
"2025 წლის სექტემბერში, წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, წინა თვეში 4.6% იყო. ინფლაციაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია ადგილობრივ ინფლაციას ჰქონდა, რომელიც წლიურად 6.3%-ით გაიზარდა (+6.6% წ/წ წინა თვეში), რაც შეეხება, შერეული საქონლის ინფლაციას წლიური ზრდის ტემპი 7.8%-მდე გაიზარდა (6.3% წ/წ წინა თვეში).
ამასთან, სექტემბერში იმპორტირებული საქონლის წლიური ფასი 1.1%-ით შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 2.1%-მდე შემცირდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ფასების ცვლილებამ იქონია.
"ფასების ცვლილება აღნიშნულ ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+11.9% წ/წ, +3.89პპ), ჯანდაცვა (+9.0% წ/წ, +0.76პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.1% წ/წ, +0.26პპ), ტრანსპორტი (-2.1% წ/წ, -0.26პპ) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-3.7% წ/წ, -0.21პპ).
ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.7%-ის, ხოლო 2026 წელს 2.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.