logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლადო პაპავა: სებ-ის გადაწყვეტილება იყო დროული, მიმდინარე რყევას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს

ლადო პაპავა: სებ-ის გადაწყვეტილება იყო დროული, მიმდინარე რყევას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს

1718104560

სებ-მა სავალუტო ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა, რასაც აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იყო დროული.

„როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტა განიცდის გაუფასურებას დღის წესრიგში დგება გაირკვეს რა არის ამისი მიზეზი, რათა აღნიშნულ მიზეზს მიეხედოს. ფაქტია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ არაფერი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გაუფასურება ხდებოდეს. ანუ ამ გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. ამის უკან არის მოლოდინები, რომ ქვეყნის გარშემო შექმნილი პოლიტიკური საერთაშორისო ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან საფრთხის მოლოდინები მოიხსნას და მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ანუ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა რეზერვები იმისთვის არის, კრიზისულ მომენტში, თუ კი ასეთი კრიზისული მომენტები იქნება იქნეს გამოყენებული.

„სებ-ის გადაწყვეტილება მორიგი ტრანში გაუშვას სავალუტო რეზერვებიდან არის სრულად გამართლებული“, - აცხადებს აკადემისოკოსი.

მისი თქმით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საფრთხის წინაშე არ დგას, რადგანაც სტაბილურობა არის გარანტირებული. „ვიდრე პოლიტიკური დაძაბულობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ეს საფრთხე არსებობს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე უარყოფითი ტენდენციები არ არსებობს. არის მოლოდინები, რომელიც არის გამოწვეული პოლიტიკური სიტუაციიდან, განსაკუთრებით საერთაშორისო ფაქტორიდან. ამ შემთხვევაში სებ-ის ქმედება არის გამართლებული, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და მოსახლეობაც არ დააზარალოს“, - აღნიშნა პაპავამ.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდა. სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს ბაზარს  168.7 მილიონი დოლარი მიაწოდა.  კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა. 28 მაისს სებ-მა სავალუტო აუქციონზე ისევ 60 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა,  48.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

ჯამში, მაისიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.

გამოგვყევით