მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ საქართველოს, თუმცა პარალელურად, ჩვენც ვსწავლობთ საქართველოსგან და ვეცნობით თქვენს რეგიონში მიმდინარე უამრავ შესანიშნავ ინიციატივას“, - ამის შესახებ ქალაქ ლუგანოს გენერალურმა მდივანმა, რობერტ ბრეგიმ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ლუგანოსა და თბილისს უნიკალური მდებარეობა აერთიანებს: როგორც ლუგანო, ისე თბილისი დიდ მთათა სისტემების – ალპებისა და კავკასიონის სიახლოვეს მდებარეობს. ეს მთები შეგვახსენებს მყარი საფუძვლის ქონისა და ამავდროულად შორ მომავალზე ორიენტაციის უნარის შენარჩუნების მნიშვნელობას.
„ეს, საბოლოო ჯამში, არის ის რასაც ფინანსური ინოვაცია ითხოვს: სტაბილურობა, გაერთიანებული ხედვასთან“, - აღნიშნა რობერტ ბრეგიმ.
ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივნის განცხადებით, ქალაქებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ პასუხისმგებელი ფინანსური ინოვაციების წახალისებასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ძლიერი ხიდების მშენებლობაში როგორც საჯარო ინსტიტუციებსა და კერძო პარტნიორებს შორის, ასევე ციფრულ და ტრადიციულ ფინანსებს შორის.
„დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ინოვაცია უნდა მოემსახუროს კონკრეტულ მიზანს. ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს. ტექნოლოგიის გამოყენებით, უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას და უზრუნველყოფას, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენი მუშაობის ცენტრში დგას მარტივი რწმენა: ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ნათელი მომავალი, სადაც ინოვაცია შეზღუდული არ იქნება მხოლოდ მცირე ჯგუფზე, არამედ გახდება საზოგადოების მხარდაჭერის, მეტი ადამიანის ჩართვისა და საერთო კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი“, - განაცხადა მან.
რობერტ ბრეგიმ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დიალოგის აუცილებელობაზე რაც ძლიერ, ინოვაციურ და მდგრად ფინანსურ სისტემებს ქმნის, რომლებიც საბოლოო ჯამში როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესებს ემსახურება.
„ჩვენი მიდგომა ძალიან პრაქტიკულია: ინოვაციებს ვაერთიანებთ სამართლებრივ სიცხადესთან, გამჭვირვალობასთან და გრძელვადიან ხედვასთან. გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ვახორციელებთ ინვესტიციებს სისტემებში, რომლებიც მოქალაქეებსა და ბიზნესს უადვილებენ ურთიერთობას საჯარო სერვისებთან, ფინანსურ ბაზრებთან და ახალ ციფრულ აქტივებთან. მოდით, გავაგრძელოთ ინოვაციები და ერთმანეთის შთაგონება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ინოვაცია უნდა იყოს დაფუძნებული პასუხისმგებლობაზე, საჯარო ნდობაზე და გრძელვადიან ხედვაზე“, - განაცხადა თავის სიტყვაში ლუგანოს გენერალურმა მდივანმა.
აღსანიშნავია, რომ ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოქჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარებაა.