22-23 ოქტომბერს, ”თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა, რომელიც რეგიონში ფინანსური სექტორის განვითარების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ფინტექ ინოვაციების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. სამიტი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, რეგულატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც საერთო მიზნის გარშემო ერთიანდებიან, რათა ხელი შეუწყონ ინკლუზიური და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას.
საიუბილეო, მე-5 სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე - “Building an Investor Ecosystem: From Seed to Scale” - განხილული იყო ინვესტორთა ეკოსისტემის განვითარება, ახალი და მზარდი სტარტაპების დაფინანსება, კაპიტალის ბაზრის გაღრმავება და რეგულაციური ჩარჩოს სრულყოფა.
პანელში მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
დისკუსიის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინვესტორთა ბაზრების განვითარების, სტარტაპების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგულაციური გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
იოჰან ბოსინიმ მედიასთან საუბრისას საქართველოს ფინტექ ეკოსისტემა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ფინტექ ჰაბად.
„საქართველო დინამიურად მზარდი და ინოვაციური ბაზარია, რომელსაც აქვს ყველა წინაპირობა, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ფინტექ ჰაბად. სწორედ ასეთ გარემოში ჩნდება შესაძლებლობა გლობალური გამოცდილების ლოკალიზებისა და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის.“ - აღნიშნა მან.
თბილისის ფინანსური სამიტი უკვე მეხუთედ აერთიანებს ფინანსური სექტორის ლიდერებს, ინვესტორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო, რათა ხელი შეუწყონ ფინანსური ინოვაციების განვითარებას, კაპიტალის ბაზრის გაძლიერებასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას.