საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო Ant International-ისა და Global Finance & Technology Network-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორობის გზით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა უფრო ეფექტური, მდგრადი და ინკლუზიური ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ნდობა, როგორც კონკურენტული უპირატესობა ფინტექში“.
დისკუსიის მიმდინარეობისას ფინანსებისა და ტექნოლოგიების დარგებში მოღვაწე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ფინტექის სამომავლო განვითარებასა და მის მნიშვნელობას ევროპის ქვეყნებში. მათ განიხილეს, თუ როგორ წარმოიშვა ნდობა, როგორც მთავარი ფაქტორი ევროპაში ფინანსური ინოვაციების წინსვლისა და ეროვნული ფინტექ ეკოსისტემების განვითარებისთვის.
კონფერენციაში ასევე მონაწილებდნენ საბანკო და ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც ფინანსური ინოვაციების ხელმისაწვდომობისა და ტრანსფორმაციის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესო მოსაზრებები გაუზიარეს.