საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქვეშეთი-კობის ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 5 ხიდი და 5 გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება; ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად ისარგებლებს საჭირო სერვისებით, მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
გადაადგილებისთვის საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი–კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025–2026 წლებში იგეგმება.
მთავრობის მეთაური ქვეშეთი-კობის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს აღმასრულებელი, საკანომდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.