logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

1-ელი სექტემბრიდან, თბილისის მერია, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს

1-ელი სექტემბრიდან, თბილისის მერია, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს

1750836989

თბილისის მერია, 1-ელი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტის მისაღებად გაიცემა შესაბამისი მატერიალიზებული ვაუჩერი.

„აღნიშნული პროგრამის დაწყება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - მერია, აღნიშნულ დაფინანსებას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოქალაქეს, ვინც საჭიროებს აღნიშნულ მედიკამენტს, მუნიციპალიტეტი შედის  80%-იანი თანადაფინანსებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად და სრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის ჩასატარებლად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური  დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს.

მედიკამენტური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ხდებიან ქმედუნარიანები, შრომისუნარიანები, თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს და  მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოგვყევით