შემცირებული ამონაგების და გაზრდილი ხარჯების გამო, „ნიუ ჰოსპიტალსს“ 2022 წლის წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით თითქმის 2 მილიონი ლარით შეუმცირდა. ამის შესახებ კლინიკის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა.
„2022 წელს ამონაგები შემცირდა 4%-ით, დაახლოებით 2.7 მილიონით, ამავდროულად გაიზარდა პერსონალის ხარჯები და სხვა საერთო ხარჯები. 2022 წელი კომპანიამ დაასრულა მოგებით, თუმცა შემცირებული ამონაგების და გაზრდილი ხარჯების გამო 2022 წლის წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით თითქმის 2 მილიონი ლარით შემცირებულია. ხარჯების ანალიზიდან ჩანს, რომ ხარჯების დიდი წილი პერსონალის ხელფასის ხარჯებს უკავია, სადაც უმეტეს ნაწილს მედ-პერსონალის ხელფასის ხარჯი შეადგენს, რაც განპირობებულია იმით, რომ ხელფასების ძირითადი ნაწილი არის ცვლადი და დამოკიდებულია შესრულებაზე,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშგების თანახმად, 2022 წლის განმავლობაში ჯგუფის მიერ არ მომხდარა კვლევის და განვითარების სამუშაოების ჩატარება, რომელიც უკავშირდება ინოვაციური ღონისძიებების დანერგვას ახალი ან უკვე არსებული პროდუქტების განვითარების ან გაუმჯობესების მიზნით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანია მიზნად ისახავს რიგი სტრატეგიული გეგმების განხორციელებას: კლინიკის დიფერენციაციას კონკურენტებთან მიმართებაში - სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებლების ევროპულ მახასიათებლებამდე მიყვანას. ასევე, დაგეგმილია განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის მქონე ევროპული ხარისხის კლინიკის იმიჯის ჩამოყალიბება და გაძლიერება. პაციენტების ნაკადების ზრდა, როგორც ადგილობრივად, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან და ამ მიზნით კომპანიის მარკეტინგის სამსახური აქტიურად მუშაობს მოსახლეობაში ჰოსპიტალზე ცნობადობის ამაღლებაზე.
ამასთანავე, დაგეგმილია სამედიცინო ტურიზმის და მოგზაურთა მედიცინის მიმართულების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტების ნაკადების ზრდას.