რეპროდუქციული სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს მათ დარგში დაგეგმილი რეგულაციების გადავადება სურთ და 2024 წლის იანვრის ნაცვლად კანონის ამოქმედების ვადების 2025 წლის იანვრამდე გადაწევას ითხოვენ.
საკითხის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განხილვისას ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ პროექტის პირველადი ვარიანტი რეგულაციების 2025 წლის იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, შემდგომში კი ეს ვადა ერთი წლით შემცირდა, რაც არაერთ გართულებას გამოიწვევს.
მისი თქმით, უცხოელებისთვის ამ სერვისების აკრძალვის შედეგად დარგი საქართველოში მოკვდება, კლინიკები კი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში გადავლენ და ამაზე ფიქრი მათ უკვე დაწყებული აქვთ.
კორძაძე ამბობს, რომ რეგულაციების შედეგად ქართველი სუროგატი დედები სომხეთში, ომის დამთავრების შემდეგ კი უკრაინაში გადავლენ და კანონის მიზანი, რომ ამ ქალების ექსპლუატაცია არ მოხდეს, მიუღწეველი დარჩება.
„ესაა ის დარგი, რომელიც განვითარებულია, რადგან უცხოელი კლიენტები ჰყავდათ, რომელთა გადახდისუნარიანობა მაღალია. ამით კლინიკა ვითარდება, იძენს ახალ პრეპარატებს, ტექნიკას და მასალებს. ეს კი აუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების მომსახურების ხარისხსაც. უცხოელებისთვის სერვისის აკრძალვით ეს მომსახურებები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაძვირდება, რადგან ხარისხი და სერვისი რომ შეინარჩუნოს, კლინიკებს მოუწევთ სერვისების გაძვირება მათთვის, ვინც დარჩათ. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებენ, სხვაგან წასვლა მოუწევთ. ამასთან ადაპტირება კლინიკებს არ გაუჭირდებათ, რადგან ეს ბიზნესია და თავის სადინარს იპოვის,“ - განაცხადა კორძაძემ და აღნიშნა, რომ დარგის თხოვნაა, ვადების საკითხი იქნას გათვალისწინებული, რათა სექტორმა ახალ რეალობასთან შეგუება მოახერხოს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საპასუხო გამოსვლაში ვადების გადახედვის საკითხის განხილვა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა არსებობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით კი, კანონის ძალაში შესვლა დაჩქარდა იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც სუროგაციის პროცესს სდევს და მთელ რიგ არაჯანსაღ და სისხლის სამართლის საქმეებსაც კი უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. თუმცა, მისივე თქმით, გარდამავალი პერიოდის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია ეტაპობრივი გზით და ეს ჯანდაცვის კომიტეტზე განხილვის თემაა.
„შეიძლება ვიმსჯელოთ, რა იქნება გონივრული ეტაპობრიობა ამ საკითხების ამოქმედებისთვის,“ - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის: კანონპროექტის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.