logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"ვივო მედიქალ გრუპი" - საქართველოში რეპროდუქციული და ესთეტიკური მედიცინის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს

"ვივო მედიქალ გრუპი" - საქართველოში რეპროდუქციული და ესთეტიკური მედიცინის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს

1742824200

რეპროდუქციული და კოსმეტიკური სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი საერთაშორისო პაციენტების ნაკადი გაიზრდება.  ამის შესახებ „ვივო მედიქალ გრუპისა“ და შვილობილი კომპანიების ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებაშია აღნიშნული.  დოკუმენტი გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და 2023 წელს მოიცავს. 

ანგარიშგების თანახმად, კომპანია ცდილობს შეამციროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დამოკიდებულება. 

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სტრუქტურაში ბევრი ცვლილება შევიდა. ეს ცვლილებები ძირითადად ეხება პროგრამით დაფინანსებული ტარიფების შემცირებას. ცვლილებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სფეროზე, იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო დაწესებულებების მთლიანი ამონაგების 80%-ზე მეტს აფინანსებს. 

ჩვენი ჯგუფის სტრატეგია ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული ამონაგების წილის შემცირებისკენ. ეს თანდათანობით მიიღწევა უფრო დახვეწილი ჯანდაცვის მომსახურების დანერგვით, როგორიცაა ჯანდაცვის როგორც ადგილობრივი ისე ცნობილი უცხოელი ცნობილი პროფესიონალების დაქირავება და მათი გაცნობა საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ სტრატეგიამ გაამართლა, ვინაიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სტრუქტურაში შესულ ცვლილებებს ბევრად ნაკლები გავლენა ჰქონდა ჯგუფის კომპანიებზე, ვიდრე მთელ სფეროზე. ჩვენ ამ სტრატეგიის განხორციელებას მომავალშიც ვაპირებთ,“ - წერია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულებაა ოპერაციების გაზრდა ამბულატორიული და სასწრაფო დახმარების მომსახურების მიმართულებით, რათა გაიზარდოს პაციენტების წვდომა პირველად ჯანდაცვაზე.

გარდა ამისა, ჯგუფი აცხადებს, რომ ზრუნავს სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზე.

„ჩვენი აზრით, საქართველოში რეპროდუქციული და ესთეტიკური მედიცინის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს. ბოლო წლებში ჩვენ გავხდით რეპროდუქციული მედიცინის მთავარი მიმწოდებელი ჩვენს ორ წამყვან კლინიკაში - „ინოვა ინვიტრო“ და „ჟორდანიას კლინიკა.““ - აღნიშნულია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში რეგულაციების ამოქმედებაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა როდის ამოქმედდება ცვლილებები - უცნობია.

პროექტის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ლიცენზირებას, რეკლამის აკრძალვას, წესრიგდება კლინიკური საკითხები, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას.

სამინისტროს პოზიციაა, რომ აღნიშნული დარგის რეგულაცია აუცილებელია გარკვეული რისკების გამო. კერძოდ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. უწყებაში ამბობენ, რომ სერვისის შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ.

ინვიტრო და სუროგაციის სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები მიმდინარე წლის იანვრიდან ერთიან რეესტრში უკვე აისახება. დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით ინვიტრო სერვისების მიმწოდებელი კლინიკებისა და ექსპერტების ნაწილმა განაცხადა, რომ რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში ისინი უცხოეთში გადაინაცვლებდნენ და ქვეყანაში ამ სფეროში დასაქმებულების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩებოდა.

jandacva.ge 

გამოგვყევით