საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, აღდგება იაპონურ ბაღში არსებული დაზიანებული ისეთი ელემენტები, როგორებიცაა: ტორის ჭიშკარი, მინიატურული ხიდი, ცერემონიების სცენა და სხვა.
სამუშაოები, თავდაპირველი პროექტის მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმართვის საფუძველზე, იაპონური ლანდშაფტური კომპანია „კოსუგის“ (Kosugi Zohen Co) მიერ, ლანდშაფტის არქიტექტორის, საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, ანდრეას ჰამაჰერის უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება. პროცესში ასევე მონაწილეობენ იაპონელი სპეციალისტები, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეები და ტექნიკოსები.
იაპონური ბაღი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, JAPAN EXPO’70 FUND-ის მხარდაჭერით, 2016 წელს გაშენდა.
მსოფლიოში აღიარებული ტრადიციული იაპონური საბაღო ხელოვნების ნიმუში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ტურისტებსა და ადგილობრივ დამთვალიერებლებს შორის. გახსნის დღიდან იაპონური ბაღი ასრულებს იაპონიის კულტურის სიმბოლოს როლს - რეგულარულად ტარდება საკურას ყვავილობის ფესტივალები, ჩაის ცერემონიები, იაპონური მასტერკლასები და იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი სხვა ღონისძიებები.
ბაღი 250 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და მასში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა: ტორის ჭიშკარი, მინიატურული ხიდი, ტასოტოს სტილის ქვის კოშკი და სხვა. ყველა ეს ელემენტი საქართველოში იაპონიიდან არის ჩამოტანილი. ტერიტორიაზე დარგულია სხვადასხვა სახეობის 200-მდე მცენარე, მათ შორის, ნეკერჩხალი, იაპონური ალუბალი - საკურა და სხვა.
რეკონსტრუქციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. ვიზიტორებს განახლებული იაპონური ბაღის დათვალიერების შესაძლებლობა 10 მარტიდან ექნებათ.