logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რატომ შემცირდა 2024 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ტემპი - მიზეზები

რატომ შემცირდა 2024 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ტემპი - მიზეზები

1741073057

2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული.  

საინვესტიციო  ბანკის ცნობით, ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია.

"2024 წლის იანვარში ჩვენ ჩავატარეთ 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს.აღნიშნულ პერიოდში,  გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 42.7%-ით შემცირდა . გაყიდვების კლების მთავარი მიზეზი ადგილობრივებისგან და რუსეთის მოქალაქეებისგან შემცირებული მოთხოვნაა",- აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

რაც შეეხება  მეორად ბაზარს, Galt&Taggart-ის მიხედვით, 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში მეორად ბაზარზე წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა. პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე.

2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 2- 3%-დან 1%-მდე შენელდა (2024 წელს). 

2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 977.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება, მიუხედავად რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირებისა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

გამოგვყევით