ნარჩენების მართვის გეგმა სამინისტროში 986-მა ბიზნესმა წარადგინა - ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესპარტნიორმა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოითხოვა.
გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია Green Steps-ში, რომელიც ბიზნესებს ანგარიშგებისა და გეგმის მომზადებაში ეხმარება, აცხადებენ, რომ ხშირად ბიზნესები დაგვიანებით, უკვე დაჯარიმების შემდეგ მიმართავენ და პრობლემის მოგვარებას გამოსასწორებელ ვადაში (1 თვე) ცდილობენ.
“ნარჩენების ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს თვითონ კომპანია, სადაც დასაქმებულია სერტიფიცირებული პირი ან ამ სერვისისთვის ჩვენ მოგვმართონ.
ყოველ 1 მარტამდე აქვს ბიზნესს სამინისტროში ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, ჩვენი მიზანია დროულად და სწორად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომ არ მოხდეს კანონთან შეუსაბამობა. კომპანია ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა სახის და რა რაოდენობის ნარჩენი გადის ობიექტიდან და ვინ არის ის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ემსახურება.
ზოგადი სიტუაცია გამოსწორებულია და მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება, რაც ინფორმაციის ნაკლებობასაც უკავშირდება”,- აცხადებს Green Steps-ის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე.
მისივე განმარტებით, მიმართვიანობა ყველაზე ხშირად სამშენებლო სექტორიდანაა, რომლებსაც ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მომზადებაში ეხმარებიან.
ცნობისთვის, საქართველოში ნარჩენების მართვის პროცესი „ნარჩენების მართვის კოდექსით“ რეგულირდება, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა. ამ კოდექსის მიხედვით, კომპანიებს, რომლებსაც წარმოექმნებათ გარკვეული რაოდენობის ნარჩენი, ევალებათ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდებიან 5000 ლარით, ასევე ყოველი 1-ელ მარტამდე ბიზნესს აქვს სამინისტროსთან ანგარიშგების ვალდებულება.
რაც შეეხება დარღვევებისა და დაჯარიმების ფაქტების შესახებ სტატისტიკას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის.