logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

1740669093

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 5.3%-ით მეტია.ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

აღსანიშნავია, რომ  ყველაზე მაღალი დატვირთვა ივლისის თვეში (70%) დაფიქსირდა. ტრადიციულად ყველაზე მაღალი დატვირთვით ივლისი-სექტემბრის თვის პერიოდი ხასიათდება. 2024 წელს 2019 წელთან შედარებით, განთავსების ობიექტების რაოდენობა საგრძნობლად, 49.8%-ით გაიზარდა.

STR Global-ის მონაცემებით, განთავსების საშუალებათა გაზრდილი მიწოდების  პირობებშიც კი საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროები  53.1%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.

2025 წელს სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს HSC Group Hospitality - ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.

"ჩვენს სასტუმროებში წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა დატვირთულობისა და საფასო პოლიტიკის კუთხით. 2023 წელს 2024 - ს თუ შევადარებთ, დატვირთულობა გაიზარდა საშუალოდ 8-10%-ით, ხოლო ფასების აწევა შევძელით 15%-მდე ნიშნულით. 2023 წელი საშუალოდ 65% გვქონდა, რაც შეეხება 2024 - ს, გადავაჭარბეთ 70%-იან დატვირთულობას. 2025 წელს  გვაქვს მოლოდინი რომ 75% "ოქუფანსის" დავდებთ გაზრდილი ფასებით.

2024 წელთან შედარებით, 2025 წელს ფასები 10%-ით გავზარდეთ და ამ ტენდენციას ვინარჩუნებდით კოვიდის შემდგომ ყოველ მომდევნო წელს. გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი და თებერვალი თბილისისთვის ყველაზე დაბალი სეზონის ყველა ცუდი თვეებია, ამჟამად ვიმყოფებით 45%-55% დატვირთულობის ფარგლებში, რაც 3-5%-ით მეტია 2024 წლის იანვარ - თებერვალთან შედარებით.

საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია ბრენდული სასტუმროების სანომრე ფონდზე მოსული დატვირთვა, მზარდია ასევე გამოცხადებული ფასებიც. უახლოეს მომავალში, საქართველოში, 15-მდე საერთაშორისო ბრენდი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, რაც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს ინვესტორებისა და ასევე ბრენდების მხრიდან.

თუ 10-15 წლის წინ რომელიმე ბრენდის შემოყვანა დაკავშირებული იყო საკმაოდ კომპლექსურ მოსამზადებელ კვლევებსა და სამუშაოებთან და თან ახლდა უამრავი რთული ნაბიჯი, დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, რადგან ქვეყანამ ტურიზმის მიმართულებით თავი კარგად გამოაჩინა და თითქმის ყველა ბრენდისთვის საინტერესო ლოკაციად მოინიშნა მსოფლიო რუკაზე",-აცხადებს HSC Group Hospitality - ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.

გამოგვყევით