logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სადღესასწაულო დღეებში ყვავილებზე მოთხოვნა სამმაგდება - Lilat Flower Shop

სადღესასწაულო დღეებში ყვავილებზე მოთხოვნა სამმაგდება და შესაძლოა მეტადაც კი იზრდება, - ამის შესახებ Lilat Flower Shop-ის დამფუძნებელმა მირიამ ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გაზაფხულზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ვარდებთან ერთად ტიტებზე და სხვა ფერად, მინდვრის ყვავილებზეა.

"მომხმარებლებს ბაზარზე არსებული ყვავილებისგან შედარებით განსხვავებულ სტილის და მაღალი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ. ყველა ყვავილს თან ახლავს მოვლის ინსტრუქცია და ასევე, სპეციალური ვიტამინი, რომელიც ყვავილის  უფრო დიდხანს შენახვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ ბაზარზე პირველად შემოვიტანეთ გიგანტური გულის ფორმის ბუშტები, რომლის ზომა 1.5 მეტრია. ამასთან გვაქვს, სათამაშოები, ლარნაკები და სხვა სასაჩუქრე პროდუქტები. ყვავილების მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. ჩემი აზრით, აღნიშნული, კომპანიის ცნობადობიდანაც გამომდინარეობს. რაც უფრო მეტად იცნობენ კომპანიას, მით უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან, ტენდენცია შეიცვალა. თუ ადრე მომხმარებლები ერთმანეთს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ჩუქნიდნენ ყვავილებს, ახლა უმიზეზოდ, ჩვეულებრივ დღეებშიც ცდილობენ ერთმანეთის გახარებას", - აცხადებს მირიამ ხუციშვილი.

რაც შეეხება ფასებს - Lilat Flower Shop-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ყვავილების ფასები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე გაიზარდა. 

"მაგალითად, ქართული ევკალიპტი, რომელიც აჭარაში იჭრება ადრე თუ 1 კონა 3 ლარი ღირდა, ახლა იგივე რაოდენობა მინიმუმ 20 ლარი ღირს. ამასთან გაძვირებულია იმპორტირებული პროდუქცია და შესაბამისად, ჩვენც გვიწევს ფასების გაზრდა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, Lilat Flower Shop ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია თავდაპირველად ონლაინ მუშაობდა, თუმცა 2021 წელს პირველი ფილიალი გახსნა. ამჟამად, Lilat Flower Shop-ს თბილისში 3 ფილიალი აქვს. კომპანია პროდუქციას ჰოლანდიიდან, თურქეთიდან, ეკვადორიდან, სომხეთიდან და ასევე, ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს. 

გამოგვყევით