ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმის გამოყენება აზიანებს როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა".
მისი თქმით, გარკვეული სახეობის პლასტმასის ნაწარმის აკრძალვაზე გადაწყვეტილების მიღებისას ბიზნესის ინტერესებიც გაითვალისწინეს და მათ გონივრული ვადა მისცეს, დარჩენილი პროდუქციის გასაყიდად.
"ყოველწლიურად 600 მილიონი ოდენობის პლასტიკის პროდუქციას რომ მოვიხმართ, რაც დაახლოებით 6 000 ტონას უტოლდება, წარმოვიდგინოთ გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით რა მასშტაბებზე ვსაუბრობთ. ასევე, პლასტიკის პროდუქციის ჭარბი მოხმარება, მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს არაერთ დაავადებას. ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით ვფიქრობ, კონსენსუსი შედგა, რადგან ბიზნესს მივეცით საშუალება და ვადა, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციის მარაგები გაიხარჯოს, შემდეგ კი, უკვე ყველა ერთი თამაშის წესით ვაგრძელებთ ზრუნვას როგორც გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ძალიან კონსტრუქციული იყო ბიზნესის მხრიდან დამოკიდებულება. ფაქტობრივად ყველა - იმპორტიორი, ასევე ადგილობრივი მწარმოებელი ჩართული გვყავდა ამ განხილვებში და საბოლოო ჯამში ის თარიღები რაზედაც შევთანხმდით, ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის და ბიზნესისთვისაც მისაღებია", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ პლასტმასის ნაწარმის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივები გაგრძელდება.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი იანვრიდან გარკვეული დასახელების პლასტმასის ნაწარმის რეალიზაცია აიკრძალება, მათ შორისაა ჩანგლები, დანები, კოვზები, თეფშები, საწრუპები.