საქართველოში სადაზღვევო სექტორი ძალიან მზარდია. როგორც კომპანია Bune insurance brokerage-ის დამფუძნებელი, სერგი ჟღენტი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ბაზრის ზრდასთან ერთად მომხმარებლებმა საჭიროა საბროკერო კომპანიის მომსახურებით ისარგებლონ.
სერგი ჟღენტის ინფორმაციით, ბროკერს მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია აქვს. კერძოდ, სფეროს წარმომადგენელი მთელი წლის განმავლობაში მათ ინტერესს იცავს.
როგორც Bune insurance brokerage-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, საბროკერო კომპანიის მომსახურება მომხმარებლისთვის ფასის ცვლილებას 10-დან 20%-მდე იწვევს.
"წლების განმავლობაში, სექტორში ბევრი გამოწვევა გვქონდა. ამჟამად, ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს თავისებური მიდგომა აქვს - ავტომობილის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა, ტვირთის დაზღვევა და ა.შ. ბროკერის მნიშვნელობა მომხმარებელთან პარტნიორობაა, ერთგვარი მრჩევლის როლია. მომხმარებელი საკვანძო საკითხებს დეტალურად უნდა გაეცნოს. სწორედ ამისთვის ბროკერის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რომელიმე სადაზღვევო კომპანიას არ წარმოვადგენთ - დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვართ. დაზღვევა თვიდან თვემდე ვითარდება. ზოგადად, ძალიან რთულია მომხმარებლამდე იმის დაყვანა, რომ ხვალინდელი დღე დააზღვიოს, რათა მომავალში უსაფრთხოდ იყოს.
ჩვენ მოქალაქესთან პროცესს შუა გზაში არ ვწყვეტთ, წლის განმავლობაში მათთან სრულად ჩართული ვართ. კერძოდ, ზარალის ანაზღაურება, ხელშეკრულების გადახედვა და ა.შ. მოკლედ, დაწყების დღიდან მომხმარებლის გვერდით ვდგავართ! ამასთან, მომხმარებელმა იაფიან პაკეტზე არჩევანი არ უნდა გააკეთოს. მაგალითად, თუ სადაზღვევო პაკეტი ძვირი ღირს, მომსახურების დაფარვის ნაწილშიც სხვაობაა", - აცხადებს Bune insurance brokerage-ის დამფუძნებელი.