ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა ქაოსური და საფრთხის შემცველი აღარ იქნება და უახლოეს პერიოდში ის, თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარება. ასეთია საავტომობილო ექსპერტების და ასევე, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოლოდინი, რომელიც ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანის რეფორმაზე მუშაობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე აცხადებს, რეფორმა უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და სავარაუდოდ, 2026 წლიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა თანამედროვე სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის ავტოსადგურებიდან, მომსახურების მაღალი ხარისხით განხორციელდება.
ლევან გამყრელიძის ინფორმაციითვე, რეფორმა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და ის ორ ნაწილს მოიცავს - პირველი გადამზიდავებს, მეორე კი - ავტოსადგურებს ეხება.
„ამჟამად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვის აღების პროცესი და ეს ნებართვა უკვე 2270 -ზე მეტ გადამზიდავს აქვს აღებული. რაც შეეხება ავტოსადგურებს, მათ სერტიფიცირების ვალდებულება უკვე პირველი ივნისიდან უჩნდებათ და შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ“, - განმარტა ლევან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, როგორც მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების, ისე ავტოსადგურების მიმართ ნებართვების აღებისა და სერტიფიცირების პროცესის სრულად დასრულების შემდეგ, კონტროლი დაიწყება და ვისაც ეს ნებართვა არ ექნება, დაჯარიმდებიან. ამიტომ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში მგზავრთა გადამყვანებსა და ავტოსადგურებს მოუწოდებენ, რომ დროულად აიღონ შესაბამისი ნებართვები.
როგორც სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, ბიზნესს ეს რეფორმა მძიმე ტვირთად რომ არ დასწოლოდა, სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ ითანამშრომლეს, რომელიც სუბსიდირებას უკეთებს როგორც ავტოსადგურებს ინფრასტრუქტურის მოწყობის ნაწილში, ისე გადამზიდავებს ეხმარება M3 კატეგორიის ავტობუსების შეძენაში, რადგან 150 კილომეტრზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და მხოლოდ დიდი ავტობუსებით განხორციელდება.
ბუნებრივია, ამ რეფორმას ეხმაურებიან ავტო ექსპერტებიც. მათი შეფასებით, რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას, რაც საქალაქთაშორისო მგზავრობას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.
რაც შეეხება დღეს არსებულ გამოწვევებს, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის რეფორმის მიზეზი გახდა, როგორც სახმელეთო სააგენტოს დირექტორი, ისე ავტო ექსპერტები ყურადღებას უსაფრთხოების ნაწილზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ დღეს მგზავრობა, ხშირ შემთხვევაში, გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორციელდება, რომლებიც ტექინსპექტირებასაც კი ვერ გადიან.
ამასთან, ამჟამად, ქვეყანაში არც ავტოსადგურების ოფიციალური რაოდენობაა ცნობილი და არც მძღოლების. შესაბამისად, უცნობია მათი კვალიფიკაცია, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა.