გასათვალისწინებელი წესი არის ის, რომ შეტყობინებები, სადაც სასწრაფოდ ბმულზე გადასვლას და ინფორმაციის შეყვანას გთხოვენ, უნდა უგულებელყოთ და ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორმა ინგა ქარჩავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" კიბერთაღლითობის სქემებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თუ შეტყობინება ქართული ნომრიდან არის გამოგზავნილი, შესაძლებელია ნომრის დაბლოკვა.
"თუ ადრე მსგავსი სატყუარა მოდიოდა ელ-ფოსტაზე, ახლა SMS შეტყობინების სახით მოდის. ადრეც იყო გამოყენებული საფოსტო გზავნილის კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი SMS. შეტყობინება არის მსგავსი შინაარსით, რომ თქვენ მიიღეთ ამანათი და ყალბი ვებგვერდის ბმული არის მითითებული, სადაც გადასვლისკენ მიგითითებენ. ეს არის ბმული, სადაც ითხოვენ პერსონალური ფინანსური და შემდეგ საბარათე მონაცემების შეყვანას. პრევენციის ერთადერთი წესი არსებობს, რომ მოვახდინოთ მსგავსი შეტყობინების იგნორირება.
როგორც კი აღმოვაჩენთ, რომ ბარათის მონაცემები შევიყვანეთ ყალბ ვებგვერდზე იმ წამსვე უნდა დავბლოკოთ ეს ბარათი", - აცხადებს ინგა ქარჩავა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი მოქალაქეებს ურჩევს, რომ ონლაინ შესყიდვებისთვის ცალკე ბარათი იქონიონ. მისივე შეფასებით, უმჯობესია ანგარიშზე მცირე თანხა განვათავსოთ, რომელიც ყოველდღიური საჭიროებისთვის გვჭირდება.
"არც ერთ შემთხვევაში იმ ანგარიშზე, რომელზედაც აქტიური ბარათი გვაქვს მიბმული არ განვათავსოთ მთელი ჩვენი თვის ხელფასი, ან წლის დანაზოგი. ადამიანები ვართ, ნებისმიერს შეიძლება ეს შეემთხვეს და დაუფიქრებლობით გადავიდეს ყალბ გვერდზე და შეიყვანოს ბარათის მონაცემები", - აღნიშნა ინგა ქარჩავამ.