logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"თბილისს ძალიან კარგი გენერალური გეგმა აქვს, რომელსაც ქალაქი უნდა მიჰყვეს" - მამუკა სალუქვაძე

"თბილისს ძალიან კარგი გენერალური გეგმა აქვს, რომელსაც ქალაქი უნდა მიჰყვეს" - მამუკა სალუქვაძე

1752830454

თბილისს  ძალიან კარგი გენერალური გეგმა აქვს, რომელსაც ქალაქი უნდა მიჰყვეს, - ამის შესახებ "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. 

მისივე შეფასებით, კონკრეტული ზონის უწესრიგოდ ცვლილება არ შეიძლება, ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული.

"გადასახედია გაცემული ნებართვები შეესაბამება თუ არა გენგეგმის ძირითად პრინციპებს. გენგეგმა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევების საფუძველზე დამტკიცდა. შესაბამისად, ყველა აქტივობა, რომელიც კვლევების გარეშე და გენგეგმის მიღმა ხდება არ არის მისაღები", - აცხადებს "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორი.

მამუკა სალუქვაძის თქმით, დედაქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების საკითხს მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს.

"ვფიქრობ, რომ ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის მიმართულებით, ბიუჯეტები უნდა გადაიხედოს. რეალობაა ისეთი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში მამუკა სალუქვაძემ  განაცხადა,  კონკრეტულად უნდა გახდეს ცნობილი ქალაქის გენერალური გეგმიდან რა განხორციელდა.

"ჩვენ ძალიან ბევრ სივრცის დაგეგმარების პროექტებს ვაკეთებთ. ყველა დოკუმენტს, მათ შორის ასეთ სტრატეგიულ დოკუმენტს, როგორიცაა გენერალური გეგმა, თავისი პერიოდები აქვს, როცა უნდა გადაიხედოს. უნდა ვნახოთ ნებართვები რაზე გაიცა, სრულდება, თუ არა, რა პროცენტით სრულდება, გენგეგმიდან გარკვეული სახის გადახედვა ხომ არ არის - ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან კარგად სანახავია.

ქალაქი, ცხადია, ვითარდება და ვერც გააჩერებ! გენგეგმა 2019 წელს დამტკიცდა, მის მერე, ბუნებრივი, ზონების ცვლილებაც იქნებოდა... რა თქმა უნდა, რეკრეაციული და გარემოს დაცვითი ტერიტორიების ცვლილება არ უნდა მოხდეს, თორემ ბუნებრივი საცხოვრებელი ერთი ზონა ორით შეიცვალოს ნორმალურია. კიდევ ვიმეორებ - გენგეგმა ძველდება და გადახედვას საჭიროებს, 5 წელი გავიდა და კანონმდებლობითაც გადახედვა სჭირდება. როდესაც გადავხედავთ ვნახავთ - რა განხორციელდა, სად არის შეცდომები, ზუსტად ასეთი დოკუმენტია გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს, მიმართულებებს ისახავს. მინდა გითხრათ, რომ თუ დაცული იქნება გენგეგმის ყველა პუნქტი ქალაქი ბევრად კარგად ვიცხოვრებთ", - აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.

გამოგვყევით