logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

Agronnect: ფერმერებმა უნდა გაიაზრონ აგროდაზღვევის მნიშვნელობა და მისი სარგებელი

"ფერმერები სკეპტიკურად უყურებენ სადაზღვევო ნაწილს. მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრონ თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ დაზღვევის მექანიზმმა, კონკრეტულ კრიტიკულ სიტუაციაში. ასევე, აუცილებელია რეგიონების მიხედვით დაზღვევის სხვადასხვა მიმართულებები გავრცელდეს, რადგან მაგალითისთვის, აღმოსავლეთის კლიმატი ძალიან განსხვავდება დასავლეთში არსებულ პირობებთან“,- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში Agronnect-ის პროექტის მენეჯერი დიანა ბერია აცხადებს.

მისივე თქმით, აგროდაზღვევაში განხორციელებული ცვლილებების მიზანი პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ფერმერის ჩართვაა.

"პირობების ცვლილება, ყველა კომპონენტში, მათ შორის იქნება ეს შეტყობინების დროის გაზრდა, რომელზეც ასე აქტიურად საუბრობდნენ ფერმერები, ეს ძალიან კარგია, ისევე როგორც ფართობების ზრდა. საბოლოო ჯამში ყველა ამ პირობის დადებითი მიმართულებით შეცვლამ უნდა იმოქმედოს ფერმერების გადაწყვეტილებაზე. წლების განმავლობაში და ახლაც ფერმერებს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ სადაზღვევო სერვისებთან. მთავარია რომ ეს მიდგომა შეიცვალოს.“-აცხადებს დიანა ბერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა.

კონკრეტულად:

  • გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი - ნაცვლად 10 ჰექტრისა, ფერმერები შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში კი ფართობი 50-დან 100 ჰექტარამდე გაიზარდა.
  • შემცირდა ზარალის შეფასების ვადები და 21 დღის ნაცვლად 15 დღით განისაზღვრა.
  • იცვლება ტარიფებიც კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი, რაც სადაზღვევო კომპანიებს საშუალებას მისცემს მომხმარებელს შესთავაზონ რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, ფერმერები შეძლებენ სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები.
  • სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით.

ცნობისთვის, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.

გარდა ამისა, ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის მეტად მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დაზღვეული მეურნეობების ფართობმა 17 000 ჰექტარი შეადგინა, წელს კი სექტორი ამ მაჩვენებლის საგრძნობლად ზრდას ელის.

გამოგვყევით