Wilder Parks არის ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის - ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია Rewilding Europe პარტნიორობის საფუძველზე. Wilder Parks მასში გაწევრიანებულ ქვეყნებს სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ.
Wilder Parks აერთიანებს ევროპის 10 გამორჩეულ დაცულ ტერიტორიას, მათ შორის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, სადაც განსაკუთრებული პროგრესი შეინიშნება ბუნების აღდგენის მიმართულებით. ინიციატივის მიზანია ბუნებრივი პროცესების გაძლიერება, ეკოსისტემების გაუმჯობესება და თანამედროვე, ბუნებაზე დაფუძნებული მენეჯმენტის დანერგვა.
Wilder Parks-ის პირველი სამუშაო შეხვედრა ბელგიის Entre-Sambre-et-Meuse-ის ეროვნულ პარკში გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ინიციატივის ოფიციალური წარდგენა, მონაწილე ქვეყნების გაცნობა და პირველი სამოქმედო მიმართულებების განსაზღვრა.
Rewilding Europe მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმუშავებს პარტნიორ პარკებთან, მათ შორის ვაშლოვანის ეროვნულ პარკთან, რათა 780 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განვითარდეს ბუნების აღდგენის სხვადასხვა მიმართულება — ტყეების, მდინარეებისა და ბალახეული ეკოსისტემების განახლება, საკვანძო სახეობების დაბრუნება, ადამიანებსა და ველურ ბუნებას შორის თანაცხოვრების ხელშეწყობა და ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმის განვითარება.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ინიციატივაში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოსისტემების აღდგენისა და ველური ბუნების დაცვის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მომზადდება 5-წლიანი საკონსერვაციო გეგმა იმ სახეობების ხელახალი დაბრუნებისთვის, რომლებიც აუცილებელია ბუნებრივი პროცესებისა და კვებითი ჯაჭვის გამართული ფუნქციონირებისთვის.