თბილისის მერიის მიერ სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებულ ინიციატივას, რომელიც მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებით შემოწმებას ითვალისწინებს, კითხვებს ბადებს. სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, სამშენებლო პროცესში უკვე არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ეტაპობრივად ადგენს ხარვეზებსა და უზუსტობებს, და თუ პრობლემა მაინც ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ არსებული სისტემა შესაძლოა სათანადოდ არ მუშაობდეს.
მისივე ინფორმაციით, ინიციატივის განხილვის მიზნით, მუნიციპალიტეტსა და დეველოპერებს შორის შეხვედრა არ გამართულა.
"ზოგადად, მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია მუნიციპალიტეტში მიდის და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებას ითხოვს. ამ შემთხვევაში შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ პროექტთან მიმართებაში გარკვეული ხარვეზები და უზუსტობა არსებობს. ამ ეტაპზე კი, შესაძლოა რთული იყოს პროექტის დაკორექტირება, ჯარიმის გადახდა და ა.შ. სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული ინიციატივა გულისხმობს, რომ მშენებლობის ეტაპზე მშენებელმა გადასამოწმებლად მუნიციპალიტეტს მიმართოს, თუმცა გარკვეული კითხვები არსებობს. არსებული კანონმდებლობა მშენებელის მხრიდან მშენებლობის ეტაპების ექსპერტიზას ისედაც ითვალისწინებს. ანუ, როდესაც მშენებლობა მიმდინარეობს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მშენებელის მიერ დაქირავებული ლიცენზირებული კომპანია აკეთებს ექსპერტიზას და შემდეგ ამას მუნიციპალიტეტს წარუდგენს. შესაბამისად, მიჩნდება კითხვა - აღნიშნული ინიციატივა ხომ არ იქნება ამ კანონმდებლობის დუბლირება, ან ხომ არ არის შესაძლებელი, რომ თავად არსებულ რეგულაციაში შევიდეს ცვლილებები?! მშენებლობის პროცესი ისედაც მოიცავს შემოწმების ეტაპებს და წესით, თუ პროექტში რაიმე უზუსტობა არსებობს ისედაც უნდა დგინდებოდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ არსებული ექსპერტიზა შემოწმებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, მაშინ გამოდის, რომ ეს სერვისი ზედმეტია.
მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტს დეველოპერებთან აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა. როგორც ვხვდები აღნიშნული ინიციატივა სავალდებულო არ არის და შესაძლოა შეხვედრა სწორედ ამიტომ არ მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს კითხვები და ვფიქრობ, რომ აღნიშნულზე უფრო მეტი განმარტებაა საჭირო", - აცხადებს ბესო ორთოიძე.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მშენებელს/დეველოპერს მიეცემა შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს. მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.