სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს „თრეველ ვაიბსის“ წარმომადგენელი მარიამ როჭიკაშვილი.
"დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, მათ შორის ჩვენთვის. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაზარია. ძალიან კარგია, რომ საშუალება გვაქვს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ჩავერთოთ ამ როუდშოუებში. ძალიან დროული იყო მსგავსი ღონისძიებები. ეს შეხსენებაა ჩვენი პარტნიორებისთვის და ტურისტული კომპანიებისთვის, რომ საქართველოს შეუძლია ახალი შესაძლებლობებით წარსდგეს მათ წინაშე,"- აცხადებს მარიამ როჭიკაშვილი.
ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.