სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევითი მიმართულებები ფართოვდება. ადგილზე ამ ეტაპზე 500 სხვადასხვა სახეობის კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. ბოლო პერიოდში გაზრდილია მიმართვიანობაც. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ლაბორატორიაში 48 400-ზე მეტი ნიმუში შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40 პროცენტით მეტია. 2025 წლის სამ თვეში ლაბორატორიაში 34 700-მდე მიმართვა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტავს, ლაბორატორიაში კვლევების ფასები 3-დან 250 ლარამდე მერყეობს.
"ჩვენს ლაბორატორიაში ძირითადად გამოიყენება ე.წ. რეფერენს მეთოდები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია. რა თქმა უნდა, ზოგადად ეს მეთოდები საკმაოდ ძვირადღირებულია. 250 ლარიანი კვლევა შეიძლება იყოს მაგალითად, ფოსფორორგანული პესტიციდებზე, მაგრამ მათში ერთბაშად 50 დასახელების სხვადასხვა ნივთიერება შედის.
თუ შევადარებთ ევროპულ ლაბორატორიებს, მიუხედავად იმისა რომ არანაკლები ხარისხობრივი მაჩვენებელი აქვს ჩვენ კვლევებს, ჩვენი ფასები მათთან შედარებით გაცილებით იაფია,"-აღნიშნა ირაკლი გულედანმა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალს აერთიანებს.