გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია და სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საუბარი შეეხო მყარი ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის საოპერაციო ხარჯების დაფინანსების საკითხს.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლში დასრულდა თანამედროვე სტანდარტების რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობა.
„აღნიშნული ობიექტი, ძირითადად, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. შესაბამისად, ამ არეალში არსებული ძველი ნაგავსაყრელი დაიხურება. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელები ახალი ობიექტებით ჩანაცვლდება“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.