Messe Dusseldorf-ის ოფიციალური წარმომადგენელი მოლდოვაში, სამხრეთ კავკასიის და აზიის ქვეყნებში მიხეილ მანდელი, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ ვაჭარაძეს შეხვდა.
გერმანიის ქალაქ დუსელდორფში მდებარე საგამოფენო სივრცე Messe Dusseldorf-ი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა ProWein-ის ორგანიზატორია როგორც ქალაქ დუსელდორფში, ისე მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს გამოფენებში ProWein-ი მრავალწლიანი მონაწილეობის და თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარდგენის პერსპექტივებს და მიზანშეწონილობას გამოფენებზე ProWein ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ბრაზილიაში. შეხვედრას ესწრებოდა სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ღონისძიებების/გამოფენების სამმართველოს უფროსი ელენე კიკნაძე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული გამოფენა ProWein Dusseldorf-ის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა. გარდა დუსელდორფისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ProWein-ის გამოფენებზე იაპონიასა და ჩინეთში.
ყოველწლიური გამოფენა ProWein-ი, რომლის მთავარი გამოფენაც დუსელდორფში იმართება, წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის. გამოფენის ფარგლებში მწარმოებლები ამყარებენ ახალ კონტაქტებს, მათ შორის იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.