ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მასშტაბურ საერთაშორისო ღვინის გამოფენა VieVinum-ში ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია და მარანი მონაწილეობდა.
VieVinum-ი ავსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღვინის გამოფენაა, რომელიც 1998 წლიდან ტარდება. ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ ვენაში, ისტორიულ "ჰოფბურგის" სასახლეში იმართება და მასში მონაწილეობენ ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები და ღვინის მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა მეღვინეობის ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობდა და "სპეციალური სტუმრის" სტატუსით იყო წარმოდგენილი. ამ სტატუსის ფარგლებში ქართულ მხარეს სპეციალური საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები დაეთმო.
„გამოფენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის როგორც ავსტრიაში, ისე ევროპის მასშტაბით. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურის გაცნობასა და საერთაშორისო ბიზნესკავშირების გაძლიერებას“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, დეა კერძევაძემ.
გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გამოფენის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ალექსანდრა გრასკი-ჰოფმანი, ავსტრიის ღვინის მარკეტინგის მმართველი დირექტორი კრის იორკი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, ავსტრიის მევენახეთა ასოციაციის პრეზიდენტი იოჰანეს შმუკენშლაგერი და ავსტრიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური მდივანი იოჰანეს აბენტუნგი.
„ღვინის დიპლომატია საუკუნეების განმავლობაში რბილი ძალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა და დღესაც ასე რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის წარდგენა ავსტრიაში - ქვეყანაში, სადაც ღრმად აფასებენ ტრადიციებს, კულტურასა და მაღალი ხარისხის მეღვინეობას“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ავსტრიაში, ალექსანდრე მაისურაძემ.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ქართული ღვინოების დეგუსტაცია ჩაატარა.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტების სხვადასხვა ქვეყანაში.