„2026 წელს, მთელ მსოფლიოში ნავთობის მოხმარება, დაახლოებით, 0.1%-ით შემცირდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა ეკონომიკებში ნავთობპროდუქტების მოხმარება წელს განსხვავებული იქნება - კერძოდ, განვითარებულ ეკონომიკებში მოხმარება 0.7%-ით შემცირდება, განვითარებადში კი - გაიზრდება, თუმცა ნელი ტემპით.
„მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოხმარება მცირედით, 0.1%-ით შემცირდება წლიურ ჭრილში, 2025 წელს დაფიქსირებული 0.8%-იანი ზრდის შემდეგ. ნავთობის მოხმარების წლევანდელი კლება, ცხადია, განპირობებულია ირანში მიმდინარე ომით. აღნიშნული სამხედრო კონფლიქტის გამო, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა ნავთობის მიწოდებას, ამან კი მისი ფასები მკვეთრად გაზარდა“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.
მან მიმდინარე წელს ნავთობის ფასების საპროგნოზო მაჩვენებელზეც ისაუბრა.
„მსოფლიო ბანკს ორი სცენარი აქვს: პოზიტიური სცენარის მიხედვით, 2026 წელს ნავთობის საშუალო ღირებულება 86 დოლარი იქნება, რაც წლიურ ჭრილში არის 25%-იანი ზრდა. ნეგატიური სცენარის შემთხვევაში კი, 95-დან 115 დოლარამდეა მოსალოდნელი ნავთობის ღირებულება. ეს ყოველივე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და იმ ზიანზე, რაც ნავთობის ინფრასტრუქტურას მიადგება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.
ცნობისთვის, ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი 110 დოლარად ივაჭრება.