ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღვინო უბრალოდ სასმელი არ არის — ის კულტურაა, სული, და ურთიერთობის ყველაზე თბილი ენა. ღვინო დღესაც ისე უყვართ, როგორც ათასობით წლის წინ — სიმღერით წურავენ და მადლით ასხამენ .
კახეთი ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გული და ღვინის მთავარი მხარეა — ადგილი, სადაც თითოეულ ოჯახს თავისი რეცეპტი და საიდუმლო აქვს, თითოეული ყლუპი კი — ძველი დროის ამბავს ჰყვება. აქ ღვინო სიტყვებზე მეტად მეტყველებს. ის მღერის, ჰყვება, ხანდახან კი — ჩურჩულით გვიამბობს.
ამ დიდ კულტურულ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს გურჯაანი. კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი, სადაც მრავალი ქართული ყურძნის ჯიშისგან ღვინოს ამზადებენ. რქაწითელი კი, ყველაზე გავრცელებული ყურჯნის ჯიშია, რომლისგანაც თეთრი მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო მზადდება. ღვინოში მსუბუქი, ხილის არომატებით — ვაშლი, კომში, ზოგჯერ თაფლოვანი გემოები შეიგრძნობა. როგორც გუჯაანელები ხსნიან, მის გემოში ვაშლის მსუბუქი ჟღერადობაა, თაფლის თბილი ბგერები, და მიწისძირში მჯდარი სიმშვიდის ტონალობა. რქაწითელი მზადდება, როგორც ევროპული ტექნოლოგიით (უფრო მსუბუქი), ისე ქვევრში, სადაც უფრო მეტი სხეული და ტანინებია.
1950-იან წლებში ერთ-ერთი პირველი ღვინის ჩამომსხმელი ქარხან, სწორედ გურჯაანში გაიხსნა, სადაც ძირითადი პროდუქტი რქაწითელი ყოფილა. ამავე პერიოდში გურჯაანის რქაწითელი ექსპორტზე გადიოდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, პოლონეთში, გერმანიაში და სხვა. გურჯაანელები იტორიებსაც ყვებიან, თუ როგორ მოხვდა გურჯაანული რქაწითელი უცხო ქვეყნის დიპლომატების სუფრაზე და იქაც დაიმკვიდრა “ოქროს ღვინის” სახელი.
გურჯაანი არა მხოლოდ მეღვინეობის მხარეა — ეს არის ადგილი, სადაც თითოეულ ყლუპს თავისი ამბავი აქვს.
თუ გსურთ რეალური გურჯაანული რქაწითელის გასინჯვა, არ უნდა გამოტოვოთ გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც მეღვინეობის ქალაქი წელს 11 ოქტომბერს უმასპინძლებს. ადგილი, სადაც გურჯაანულ რქაწითელთან ერთად, სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
გურჯაანის ვენახები, განკუსათრებით შემოდგომით სულ სხვა სუნს ატარებს – აქ ჰაერი სწორედ რომ ქარვისფერია. თიხის ქვევრებიდან ამოსული ტონალობები მართლაც, რომ მრავალხმიანია და წარსულს აწმყოში აცოცხლებს.
წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა - სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია. წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.
აქ ღვინის გემო მხოლოდ არომატი არ არის – ის მთელი გამოცდილებაა. ერთ კუთხეში შეიძლება გეცნო ოჯახურ მარანს, რომლის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება, მეორე კუთხეში კი ახალგაზრდა მეღვინე გიამბობს, როგორ დაუბრუნდა სოფელს ევროპის ღვინის სკოლიდან.
როგორც ერთმა კახელმა მევენახემ ფესტივალზე ჩურჩულით თქვა: „ღვინო ჩვენთვის გემო კი არა, ბილიკია – ერთი ფესვიდან მეორემდე.“
და სწორედ ამ ბილიკზე, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, თითოეული სტუმარი დროებით მევენახე ხდება –მემკვიდრე იმ საიდუმლოსი, რასაც ქართული ღვინის მრავალხმიანობა ჰქვია.