logo
Loading data...

"იმერი" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

"იმერი" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

1714050000

ბაღჩეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "იმერის" დამფუძნებლის ნიკოლოზ კიკნაძის განცხადებით, საქართველოში წარმოებული ბაღჩეული და ბოსტნეული უცხოურ ბაზრებზე, სავარაუდოდ, 1 წელში გავა.

როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, "იმერის" პროდუქცია ექსპორტზე გალფის ქვეყნებში ერთხელ უკვე გავიდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო აღნიშნული მიმართულება დაპაუზდა.

"ექსპორტის გამოცდილება გალფის ქვეყნებთან უკვე მაქვს. სამომავლოდ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება ისევ განვაახლოთ. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ დუბაიში დაგეგმილ Gulfood-ის გამოფენაზე და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაგვიმარტივდება ექსპორტზე გასვლა", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - “იმერის” დამფუძნებლის ინფორმაციით,  წლიდან წლამდე მოთხოვნა დაახლოებით, 10-15%-ით იზრდება.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროდუქციის 100% არის ადგილობრივი წარმოების. პროდუქცია ირჩევა, ხარისხდება, შესაბამისად იფუთება და შემდეგ გადის გასაყიდად ბაზარზე. ძირითადად ფასების ცვლილებას  სეზონური ბაღჩეული განიცდის ხოლმე, მათ შორის, ტარხუნა, რეჰანი და ა.შ.  დაფასოებულ პროდუქციაზე სტანდარტული ფასები ნარჩუნდება. პროდუქციის გაყიდვა არ გვიჭირს, მოთხოვნა იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე რეალიზაციაა.

ჩვენ ვპარტნიორობთ GDB აგროს მეურნეობასთან, რომელიც პროდუქციას GLOBAL GAP-ის და HACCP-ის სტანდარტების დაცვით აწარმოებს. GDB აგროს მეურნეობაში წარმოებულ პროდუქციას ექსკლუზიურ დისტრიბუციას კომპანია „იმერი“ გაუწევს. ჩვენი მეურნეობა და GDB აგროს მეურნეობა გაერთიანდა და კომპანია “იმერი” აღნიშნული პროდუქტის შეფუთვასა და რეალიზაციას მოახდენს", - აცხადებს ნიკოლოზ კიკნაძე.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "იმერი" ახლო მომავალში ასორტიმენტის გაზრდას და საინტერესო პროდუქტების დამატებას გეგმავს.

ცნობისთვის, კომპანია "იმერი" ბაზარზე 3 წლის წინ  გამოჩნდა. კომპანია ამ ეტაპზე, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და ციტრუსოვან ხილს აწარმოებს და პროდუქციას, ამ ეტაპზე, ადგილობრივი გლეხებისგან იღებს. "იმერის" პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებსა და ონლაინ Wolt-ის და Glovo-ს საშუალებით.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით